ახალი ამბები
ხურვალეთში რუსი სამხედროები დააკავეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეს დასაკავებლად მისდევდნენ
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში, ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვდინენ. ისინი ერთ-ერთ მოქალაქეს დაედევნენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს გადადგილდებოდა. ადგილზე მყოფმა პოლიციამ ოკუპანტების დაკავება მოახერხა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მალევე გაათავისუფლა.

,,ეს ბიჭი ტრაქტორით ხნავდა მიწას, ორჭოსნის მხარეს. იქით არასდროს ყოფილა პრობლემა ოსებთან. პირიქით, როცა ორჭოსნელების ნახირი გადმოსულა, ჩვენებს გადაურეკიათ იქით. ეხლაც ჩვეულებრივ ხნავდა ტრაქტორისტი. მოულოდნელად, დაუნახია, რომ რუსები მოდიოდნენ მისკენ. წამოვიდა ტრაქტორით და ისინიც მოსდევდნენ. თითქმის შუა სოფელში შემოვიდნენ რუსები. მერე ჩვენ პოლიციელებს დაუკავებიათ ისინი" - გვითხრეს ხურვალეთში.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა.

,,7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა",-აცხადებენ სუსში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები