ახალი ამბები
,,ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის'' - არჩილ თალაკვაძე
დღეს, შიდა ქართლში, სოფელ ქვემო ჭალაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ავრცელებს. ქვემო ჭალაში დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, გუბერნატორი მამუკა საღარეიშვილი და მერი ვახტანგ მაისურაძეც იმყოფებოდნენ:

,,ზაზას მშობლებს, მეუღლეს და შვილებს ვუთხარი, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ მისი გათავისუფლებისთვის და მჯერა, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება ოჯახს.'' - აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს 33-წლის ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე, 2020 წლის 11 ივლისს, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჯერ ესროლეს და ფეხში დაჭრეს, შემდეგ - დააკავეს. ოჯახის წევრების ცნობით, გახელაძე სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, სროლა გახელაძემაც განახორციელა.

დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი ჩართულია საქმის მიმდინარეობის პროცესში და მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკავებულის ოჯახის წევრებთან და შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებთან.

სახალხო დამცველის განცხადებით შემაშფოთებელია, რომ კვლავ გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გადაადგილების, საკუთრების, განათლების მიღების თუ სხვა ადამიანის უფლების სისტემატიური შეზღუდვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები