ახალი ამბები
შსს-ს ცნობით, გორში მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩაში უმისამართოდ ისროდა
გორში დააკავეს 1988 წელს დაბადებული გ.ს, რომელსაც ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით,  ბრალდებულმა გორში,პეტრიაშვილის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა.

გ.ს.-მ დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 26 საბრძოლო ვაზნა.

შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 6 მასრა.

პოლიციამ, გ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები