ახალი ამბები
ცხინვალელი მოქალაქე ოფიციალურ თბილისს შვილის მოძებნაში დახმარებას სთხოვს
ცხინვალელი ინალ ფილიევი (პლიევი) შვილის ნახვას ითხოვს, რომელიც მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამის შესახებ მან წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას დასახმარებლად მიმართა.

ინალ ფილიევის განცხადებით, 2002 წლის სასამართლოს განჩინებით, შვილის ნახვის უფლება აქვს, თუმცა იმის გამო, რომ მისი ყოფილი მეუღლე, შვილთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადავიდა საცხოვრებლად, შვილის ნახვის უფლება მოესპო:

,,ვიქორწინე 1998 წელს, ხოლო განვქორწინდით 2002 წელს. სასამართლომ შვილის ნახვის უფლება მომცა. ერთი პერიოდი ჩემი ყოფილი მეუღლე და შვილი გორის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. ჩემ ახლობლებს ვთხოვე მათთან მისვლა და ნახვა. შეხვდა კიდეც ჩემ შვილს. ის მაშინ პატარა იყო. უთხრა, რომ მას მამამისი ეძებდა. ჩემი ტელეფონიც კი დაუტოვა, თუმცა დიდი ალბათობით ოჯახი არ აძლევდა ჩემთან დაკავშირების უფლებას. ახლა არ ვიცი, სად ცხოვრობენ. ვცდილობ სოციალურ ქსელშიც მის მოძებნას, მაგრამ ვეღარ ვპოულობ. ალბათ, გვარიც შეცვლილი აქვს და სახელიც." - აცხადებს ინალ ფილიევი ცხინვალის მედიასთან საუბარში.

ის სთხოვს დახმარებას როგორც დე-ფაქტო მთავრობას, ასევე, საქართველოს ხელისუფლებას, რის გამოც, საქმეში წითელი ჯვარი ჩართო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები