ახალი ამბები
კლინიკები შიდა ქართლში, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ჩატარდება
შიდა ქართლში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები 15 მარტიდან დაიწყება. განსაზღვრულია ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც რეგისტირებულ მოქალაქეებს აცრების ჩატარება შეუძლიათ.

ესენია: გორში - ,,სამხედრო ჰოსპიტალი'' და ,,გორმედი''; ქარელში - ,,გორმედის'' ფილიალი; ხაშურში - ,,ახალი კლინიკა'', ხოლო კასპში - ,,მედალფა''.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენლის, ეკა ქორჩაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე, აცრებს დაავადების მაღალი რისკის მქონე ადამიანებს ჩაუტარებენ და პროცესი სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

დოზები მუნიციპალიტეტში შემდეგი ოდენობით განაწილდა: გორში - 1200; ქარელში - 400; კასპსა და ხაშურისთის გაიგზავნა 500-500 ცალი.



შეგახსენებთ, დღეს შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოიტანეს.

COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.

ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია.

აცრა ნებაყოფლობითია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები