ახალი ამბები
,,მეტეხი ჰესის'' პროექტი შიდა ქართლში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის სიახლოვეს, მდინარე მტკვარზე, კალაპოტური ჰესის მშენებლობა იგეგმება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ჰესის აშენების შემთხვევაში, ქვეყანა გამოიმუშავებს დამატებით ელექტროენერგიას, რომლითაც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება.

,,მეტეხი ჰესის'' მიერ გამომუშავებული ელენერგიით, "ქსანი 500"-ის ქვესადგური დაიტვირთება.



უახლოესი საცხოვრებელი ზონა, სოფელი მეტეხი, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, ჰესის განთავსების ტერიტორიიდან დაახლოებით 600 მ-ში მდებარეობს, ხოლო მდინარის მარცხენა სანაპიროზე, განთავსებულია ქვიშა-ხრეშის სამსხვრევ-დამხარისხებელი საამქროები, ცემენტის საწარმო, აგურის ქარხნები და სხვა ობიექტები.



მარცხენა სანაპიროზე უახლოესი საცხოვრებელი ზონა, ,,რკინიგზის სადგური მეტეხი'' საპროექტი ტერიტორიიდან დაცილებულია დაახლოებით 250-300 მ-ით.



დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ,,მეტეხი ჰესის"" მშენებლობის შემთხვევაში, გარემოზე მავნე ზემოქმედების ხარისხი გაცილებით ნაკლები იქნება, ხოლო მშენებლობის დასრულება მოკლე ვადებში, კერძოდ, მინიმუმ 3 წელიწადშია შესაძლებელი.

,, მტკვრის ჰიდროლოგიური რეჟიმის გათვალისწინებით, სხვა მცირე ჰესებთან შედარებით, საპროექტო ჰესის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მაღალი იქნება ზამთრის პერიოდშიც, მაშინ როდესაც ხდება ელექტროენერგიის და ენერგომატარებლების იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან და შესაბამისად მაღალია ელექტროენერგიის შესაძენი ფასი."" - აღნიშნულია დასკვნაში.



პროექტის შემდგენლების განმარტებით, წყალსაცავი არ გასცდება მდინარის აქტიურ კალაპოტს, რისთვისაც მდინარის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილია დამცავი დამბების მოწყობა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვა მოსალოდნელი არაა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები