ახალი ამბები
პატარა მეჯვრისხევში ახალი სკოლა გახსნეს - ისტორიული სკოლა კი ინგრევა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში ახალი სკოლა გახსნეს, რომელიც 150 ბავშვზეა გათვლილი. წლების განმავლობაში, მოსწავლეები სასწავლებლად, მეზობელი სოფლის, აძვის სკოლაში დადიოდნენ.

ის ბავშვები, რომლებმაც 15 მარტიდან ახალ სივრცეში გადაინაცვლეს, 2016 წლამდე, მე-19 საუკუნეში აშენებულ, თავადაზნაურთა ყოფილ სასახლეში სწავლობდნენ. ამ სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2019 წელს მიანიჭეს, თუმცა სტატუსის მინიჭებიდან დღემდე, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია.

2016 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, აზნაურ ჩიკოიძეების სახლი საშენ მასალად გაყიდა. იმ დროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი მერი ხელმძღვანელობდა. სახლი აუქციონზე გაყიდეს და ერთ-ერთმა მოქალაქემ 100 ლარად იყიდა. მყიდველმა შენობის დაშლა დაიწყო, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ დასახმარებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართა.



ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შედეგად და გაიანე ჩიკოიძის შთამომავლების წყალობით, პატარა მეჯვრისხევის ისტორიული სკოლა დანგრევას გადარჩა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შენობას ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

სახლი და-ძმა ჩიკოიძეებს ეკუთვნოდა. 1800-იან წლებში, მეფის რუსეთის დროს, სამი ძმა ციმბირში გადაასახლეს. მარტო დარჩენილმა დამ, გაიანე ჩიკოიძემ, ეკატერინე და დავით სარაჯიშვილის შემწეობით, ორკლასიანი სკოლა დააარსა. დავით სარაჯიშვილმა ჩიკოიძეების სახლში, მარანიც გახსნა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები