ახალი ამბები
ახალგორელების პრობლემები ადგილობრივი მილიციის თანამშრომლებმა მოისმინეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პრობლემებს ადგილობრივი შს სამინისტროს წარმომადგენლები ისმენენ. ისინი ზნაურის, ჯავისა და ახალგორის ადმინისტრაციულ შენობებში ატარებენ შეხვედრებს და გამოკითხვებს ატარებენ.

ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ახალგორში ჩატარდა, რომლის შესახებ ინფორმაცია დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრომ გაავრცელა.

,,უმუშევრობა, სასმელი და სარწყავი წყლის ნაკლებობა და სხვა სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხები განიხილეს ლენინგორის (ახალგორი - რედ) რაიონის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა შეხვედრებზე,'' - აღნიშნულია განცხადებაში.

პრეს-სამსახურის ცნობით, მოსახლეობის მიერ დასმული შეკითხვების უმეტესობა სოციალურ სფეროს ეხებოდა.

,,ბევრ სოფელში მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტს განიცდის. უმუშევრობის პრობლემა ასევე მწვავედ დგას რეგიონში. აგრესიული ცხოველები საფრთხეს უქმნიან ხალხს, რის გამოც მათ ქუჩაში თავისუფლად გასვლა არ შეუძლიათ. ლენინგორის რაიონის ადმინისტრაცია ამ საკითხის მოგვარებას დაჰპირდა", - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მილიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების აზრით, ბევრი პრობლემა, სოფლის მოსახლეობას თავად შეუძლია გადაწყვიტოს:

"რაიონში მწყემსები არ არიან, პირუტყვი უპატრონოდ ძოვს და აზიანებს ნათესებსა და ბოსტნეულს, რის შედეგადაც მუდმივად ჩნდება კონფლიქტები სოფლის მოსახლეობას შორის.'' - წერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები