ახალი ამბები
ქვეყანაში დაბრუნებულ მიგრანტთა დასახმარებლად განაცხადების მიღება დაიწყო
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემას, პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა არაუმეტეს 4000 ლარს შეადგენს.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.

განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
ქ. გორი, სამების ქ. N1;
ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადების მიღება, ამავე მისამართებზე, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები