ახალი ამბები
მგზავრის ცნობით, გორში ლურჯი ავტობუსის მძღოლმა მარშრუტი პირადი საქმის მოსაგვარებლად შეცვალა
გორში, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა მოძრაობის მარშრუტი საკუთარი სურვილით შეცვალა და მგზავრები პირად საქმეზე წაიყვანა. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე წერს, ამ ფაქტმა მგზავრების აღშფოთება გამოიწვია.

ახალგაზრდა მამაკაცმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან გვითხრა, რომ ეს ფაქტი გუშინ, 15 მარტს მოხდა.

,,დიდი ისტორია არ არის და ძალიან რომ არ გავწელო, იმ მომენტს მოვყვები, როცა თბილისიდან ჩამოსული გაჩერებაზე ვიდექი, ცალფეხზე მდგომი, ჩაფუთნული და "მოჟამული" სახით, საზოგადებრივ ტრანსპორტის მოლოდინში. ძველი მარშუტკები ახალ, თანამედროვე ავტობუსებს ჩაუნაცვლებია, ეს ფაქტი მომეწონა. ტრანსპორტის ნომრები და მოძრაობის მიმართულება ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა, ამიტომ ასვლისთანავე მძღოლს ვკითხე, კონკრეტულ ადგილას თუ გაივლიდა, სანამ მან გაიგო, მგზავრებმა დამიდასტურეს და მშვიდად დავჯექი კომფორტულ სავარძელზე. რომ გავიხედე, ფანჯრიდან აშკარად მიმართულება შეცვლილი ჰქონდა, მგზავრები "პანიკამ"მოიცვა "გააჩერე, გააჩერე" და გააჩერა... ლოგიკური კითხვა დაისვა ჩვენი მხრიდან, სად მიდიოდა და რატომ არ გაგვაფრთხილა, თუ მარშუტს ცვლიდა პასუხი - "ხოოო აიი ჯგრებო აქვე უნდა გაუარო პატარა საქმეე მააქ და მიგიყვანთ ყველასა-ო" - წერს მოქალაქე.

გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2021 წლის თებერვლიდან ამუშავდა. 30 ავტობუსი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გორის მერიას გადასცეს. გორის მერიამ ავტობუსები ააიპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ჩააბარა. ტრანსპორტის სააგენტომ კი მძღოლები გამოცდების წესით შეარჩია.




Print

სტატიის გამოყენების პირობები