ახალი ამბები
გორში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს
გორში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმე რჩება. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ,,გორმედის'' ექიმმა განაცხადა.

მისი თქმით, ექიმებმა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული ოპერაცია ჩაატარეს.

,,შემავალი ჭრილობა არის ერთი, ზურგის მხრიდან. ტყვიის ლულა არ არის ამოღებული ჯერ, მთავარი იყო სიცოცხლის გადასარჩენად ზრუნვა. ძალიან რთული ოპერაცია ჩატარდა. კრიტიკულად მძიმე იქნება კარგა ხანს, მაგრამ სასიხარულო ისაა, რომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ამოღებულია თირკმელი, ელენთა, ორ ადგილზე დაზიანებულია კუჭი, ფილტვიც დაზიანებული იყო. იყო ტრავმული შოკი და ხერხემლის დაზიანებაც.'' - განაცხადა გორმედის ექიმმა.

შეგახსენებთ. გუშინ, 16 მარტს ვერხვების დასახლებაში, სუხიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. პოლიციამ ადგილზე 10-მდე მასრა ამოიღო.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 20 წლის მამაკაცი ლ.ნ., რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. დანაშაულები 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მამაკაცმა, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები