ახალი ამბები
დადუმებული მუზეუმები
უშველებელ ფერდობზე დგას ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე, თუმცა, თუ ძალიან ჩაეძიებით ისტორიას, გეტყვიან, რომ ეს თავის დროზე ქსნის ერისთავების საუფლისწულო სასახლეს წარმოადგენდა.

ბორცვის ძირში ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ, გაზაფხულის პირველივე თვის, მარტის მზის ქვეშ სუფრა გაეშალათ, თუმცა ბეტონის კიბეებზე. კადრში რომ არ მოხვედრილიყვნენ, ჩვენს უკან დადგნენ. ,,აი, იქ მთაზე თუ ახვალთ, იქიდან კარგად ჩანს სასახლე"" - გვითხრა ერთ-ერთმა. თუმცა, მინვდირსგზა საკმაოდ ტალახიანი იყო და მასპინძლის რჩევა ვერ გავითვალისწინეთ.

ახლო-მახლო არსად ჩანს არც ღია და არც დახურული კაფე, ან მსგავსი დაწესებულება, რომ ადგილობრივმა ან ჩამოსულმა დაისვენოს, რაც ზოგიერთი სხვა მუზეუმებისთვისაა დამახასიათებელი. მით უმეტეს საკმაო სივრცე არსებობს იმისთვის, რომ ჩასული ვიზიტორი ან ტურისტი გაჩერდეს, ქსნის ჭალებს გადახედოს... ,,თვალს წყალი დაალევინოს"". იგოეთის ავტობანიდან სულ რაღაც 7 კმ-ში მდებარეობს მოსაფალტებული გზით.

როგორც ვიზიტორები, დაახლოებით ჩვენც ასე მოვიქეცით. გადავიღეთ კადრები, გავესაუბრეთ მუზეუმის თანამშრომლებს და რაკი ,,მეტი საქმე"" აღარ გვქონდა, დავტოვეთ ლამისყანა. ადგილი, სადაც შესაძლოა საუკეთესო დასასვენებელი სივრცე მოეწყოს, სკამიც კი არ დგას.

პანდემიის გამო, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 1 მარტამდე, მუზეუმში ვიზიტორების სტუმრობა შეჩერებული იყო. იმის გამო, რომ გარშემო რაიმე ტურისტული ინფრასტრუქტურა არაა განვითარებული, მოსახლეობის მხრიდან დიდ ეკონომიკურ ზარალზე კითხვის დასმა ზედმეტი აღმოჩნდა.

ეს სასახლე კი ფრიად განათლებულ და, ფაქტობრივად, ერთ-ერთ პირველ ფემინისტ ქართველ ქალს, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს, დედამთილმა ნინო ერისთავმა საჩუქრად დაუტოვა. შთამომავლობამ, დღეს არსებული სახელწოდება სასახლეს, სწორედ, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის საპატივსაცემოდ, შემოუნახა.



მუზეუმში 3 თანამშრომელი დაგვხვდა. ისინი, ძირითადად, ისტორიულ თემებზე მუშაობენ, ამზადებენ მასალებს კონფერენციებისთვის, აგროვებენ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს და საცავებში უნიკალურ მასალებს ინახევენ.

,,რაც პანდემიის გამო, შეზღუდვები მოიხსნა, პირველები ხართ, ვისაც ინტერვიუს ვაძლევთ," - ამბობს მუზეუმის დირექტორი, სოფიო ცუცუნაშვილი. თან ხუმრობით გვითხრა, შესაძლოა, საუბარი დამავიწყდა და ინტერვიუს დროს, ეს ცუდად გამოჩნდესო. იმ დროს, როდესაც ერთი წლის განმავლობაში, მუზეუმს უცხო ადამიანი არ სწვევია, დაგვიდასტურეს, რომ ეს ფაქტი ექსკურსიამძღოლებისთვის პრობლემას წარმოადგენს:

,,ჩვენთან მუშაობდა ექსკურსიამძღოლი. ის ახლა გადაიყვანეს კასპში, სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილედ. ამიტომ, ახლა ჩვენ გვიწევს იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ექსკურსიამძღოლისთვისაა დამახასიათებელი. თხრობის მანერა, ტექსტის შინაარსი და ა.შ. ეს ისეთი უნარებია, რომელიც აქ მოსულ ტურისტს ჭირდება, რათა ყველაფერი იყოს გასაგები და არ აღმოჩნდეს მოსაწყენი."" - გვიყვება მუზეუმის დირექტორი.



ვიდრე თანამშრომლების სამუშაო ოთახში შეხვალთ, მანამდე გალავნის შიგნით, უშველებელი ეზოს გავლა მოგიწევთ. ამ ეზოს წელიწადში ერთი-ორჯერ სხვადასხვა ღონისძიებებისთვის იყენებენ. ამზადებენ სცენას, დგამენ სკამებს, იმართება კონცერტები... მერე კი, ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

,,თითოეულ ნივთს, თითოეულ ფოტოს თავისი ისტორია აქვს. ამას სჭირდება გადმოცემა. ძალიან ცუდია, როცა ერთი წლის განმავლობაში ამის თაობაზე ვერავის ესაუბრები. მართალია, ვიზიტორების მიღება შეჩერებული იყო, მაგრამ ვინც ვმუშაობთ მუზეუმში, ერთმანეთს ვუზიარებთ ხოლმე ცოდნას. დროდადრო ჩნდება ახალი მასალები, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. სწორედ ამ პირობებში ახალი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ,,იუსაიდის ზრდა განვითარების"" პროექტის ფარგლებში ონლაინშეხვედრები მოვაწყეთ. ახლებურად დავიწყეთ ჩვენი მუზეუმის შესახებ ცოდნის გადაცემა. "" - ამბობს დირექტორი.

მან ისიც გვითხრა, რომ სასახლეში მოხალისეები, სკოლის მოსწავლეებიც მუშაობენ, ისინი ზრუნავენ მუზეუმზე, აწყობან სხვადასხვა ღონისძიებებს, თუმცა პანდემიის გამო, მოხალისეები ნაკლებად მიდიან სასახლეში.



კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ქალაქი კასპი ცნობილია და ამაყობს გიორგი სააკაძით. მთავარი ქუჩა სააკაძის სახელს ატარებს, ცენტრალურ მოედანზე სააკაძის ძეგლი დგას. ძეგლის გარშემო კარგად მოვლილი სკვერია, თავისი დასასვენებელი სკამებით.

თუმცა, ქალაქის ბიუჯეტში ამას შემოსავალი არ შემოაქვს. ყველაზე დიდი შემოსავალი, ადგილობრივ ბიუჯეტში, ცემენტისა და აგურის ქარხნებისგან შედის. ერთ-ერთი მთავარი რესტორანიც აგურებითაა აშენებული, ამიტომაც, დაარქვეს ,,აგურები"".

მაგრამ, კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვიზიტისას, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებით. აქ არის უნიკალური არქეოლოგიური მასალები იმისა, თუ რა ისტორიული წარსულის მქონეა მუნიციპალიტეტი და, ზოგადად, ქვეყანა. დაწყებული ხოვლიგორით და დღეს უკვე გრაკლიანი გორის მასალებით დამთავრებული. მუზეუმში ყველა პერიოდის მასალა ინახება. უკვე მოაწყეს ეთნოგრაფიული კუთხე, რაც სიახლეა მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის.

მუზეუმთცოდნეობის მაგისტრმა ხატია ხორგუაშვილმა, უმაღლესი სასწავლების დამთავრებამდე, მუზეუმში დაიწყო მუშაობა. ამ მუზეუმის დაარსებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი მის პაპას, გიორგი ხორგუაშვილს მიუძღვის, რომლის საქმეს დღეს მისი შვილიშვილი აგრძელებს.



,,ფაქტიურად, მეც მოვიწამლე ამ სენით. ისტორიული მასალების სიყვარულით,"" - გვითხრა ხატიამ, რომელიც უკვე 6 წელია მუზეუმში მისულ სტუმარს იქ დაცული ექსპონატების მნიშნელობაზე ესაუბრება:

,,მაგრამ ეს ერთი წელია, ფაქტობრივად, არავისთან მისაუბრია ამ თემაზე. ყველაფერი გადავიდა ონლაინრეჟიმზე. ამიტომ, რაღაც უცნაური სიტუაცია შეიქმნა. გადავედით სხვა რეალობაში. ის, რაც ძალიან გვიყვარს, ადამიანებს უნდა ავუხსნათ და გავუზიაროთ სხვა, ვირტუალურ სივრცეში. ჩემი აზრით, ერთი კარგი ფაქტი მაინც მოხდა. აქტიურ რეჟიმში დავიწყეთ ვირტუალურ სივრცეში მუშაობა. გავააქტიურეთ ვებ-გვერდი, სოციალურ ქსელში დავიწყეთ ონლაინ-ტურების მოწყობა. სოციალურ ქსელში დავიწყეთ მუზეუმის ამბების გაშუქებაც. ეს ყველაფერი აისახა ინტერნეტით ვიზიტორთა რაოდენობაშიც. ,,იუსაიდის ზრდა განვითარების"" პროექტის ფარგლებში ახალ რეალობაში გადავედით. სულ მალე დავიწყებთ ელექტრონული ვერსიების მომზადებას. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ეს ყველაფერი ონლაინ-რეჟიმში გაეცნოს."" - ამბობს ხატია ხორგუაშვილი.



თუმცა, გული სწყდება იმაზე, რომ ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაცია ნაკლებია: ,,ძალიან უცნაური სიტუაციაა, როცა ადამიანებს ესაუბრები ონლაინ-რეჟიმში და ასე უხსნი ამა თუ იმ ნივთის მნიშვნელობას. თუ ის საკუთარი თვალით ვერ ნახა, სულ იმის განცდა, რომ ვერ აღიქვამს მის მნიშვნელობას" - ამბობს ხატია.

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს. მთავარი შესასვლელი ცენტრალური ქუჩის მხრიდან აქვს, სადაც უამრავი მანქანა მოძრაობს და იქვე ახლოს ბაზარია. ამიტომ, მისასვლელად მიუდგომელია, ხოლო იქ გავლილ ადამიანს, მუზეუმში შესვლის ნაკლები სურვილი უჩნდება, რადგან ვერ მიხვდება, თუ რა დიდი მნიშვნელობის ნივთები ინახება შიგნით.

სამაგიეროდ, შენობის უკანა მხარეს დიდი ეზოა, სადაც დგას ხეები, შადრევანი და მოძველებული სკამები. ასევე, შევამჩნიეთ, რომ შენობის შიდა მხარეს სერიოზული რესტავრაცია ჭირდება.

,,ეს მხარე ხომ ცუდად გამოჩნდება?" - გვითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, როდესაც ეზოში ინტერვიუს ჩასაწერად გავედით. ,,არა უშავს, გამოჩნდება, რომ მისახედია მუზეუმი."" - ვუპასუხეთ თანამშრომელს.

ჩვენს ვიდეოსა მართლაც კარგად ჩანს, რომ კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მეტი ყურადღება სჭირდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები