ახალი ამბები
გორის მერიას მოსკოვიდან გარეტრენაჟორების მორიგი პარტია შემოაქვს - ბიუჯეტის თანხით
გორის მერიას, ბიუჯეტის თანხით, გარეტრენაჟორების მორიგი პარტია კვლავ რუსეთიდან შემოაქვს. ამისათვის ბიუჯეტიდან 250 000 ლარს გადაიხდის. მორიგი პარტიის შემოტანაზე სატენდერო კომისიამ 15 მარტს იმსჯელა.

კომისიის გადაწყვეტილებით, მერიის თანამშრომლებს პრეტენზია არა აქვთ სპორტული ინვენტარის წარმომავლობაზე და ხარისხზე, ისინი საშუამავლო კომპანიას მხოლოდ ფასების დაზუსტებას სთხოვენ.

როგორც ირკვევა, საშუამავლო კომპანიას წარმოადგენს ,,ჯეოპარკი''. ,,ჯეოპარკის'' წარმომადგენელმა მერიას გამოუგზავნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით სპორტული ინვენტარის წარმომავლობა დგინდება: ყველა ინვენტარი შეძენილი იქნება კომპანია ЗАО "Завод игрового спортивного оборудования"-საგან (სათამაშო სპორტული ინვენტარის ქარხანა), რომლის ადმინისტრაცია მდებარეობს ქალაქ მოსკოვში.

ახალი გარეტრენაჟორები მუნიციპალიტეტის 4 ლოკაციაზე დაიდგმება - აღნიშნავენ მერიაში.

ბიუჯეტის თანხით რუსეთის ქარხნებიდან შეძენილი ინვენტარის თუ საკვების შესყიდვების თაობაზე, საკრებულოს ბოლო სხდომაზე ხმაური იყო. ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. ნაციონალური მოძარობის წევრები აცხადებენ, რომ გორის მერია პრორუსული ორიენტაციისა, რამაც საკრებულოს თავმჯდომარის გაღიზიანება გამოიწვია. მმართველი გუნდი პრორურუსლ ორიენტაციაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

მმართველი გუნდის მხარდამჭერი დეპუტატები აცხადებენ, რომ რუსული პროდუქცია უფრო მეტად ხარისხიანია, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი არა აქვთ. თანაც, 2020 წლის დეკემბერში, რუსეთიდან ჩამოტანილ ,,შვრიის ფანტელებში'' ჭიები აღმოჩნდა.

იგივე დეპუტატები სიამაყით აცხადებენ, რომ მაღაზიები რუსული პროდუქციითა სავსე და შესაბამისად  პრობლემას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება იმ ფაქტს, არსებობს თუ არა სხვა ალტერნატივა, ერთი თვის წინ, ქარელის მერმა ხელშეკრულება გააფორმა სხვა კომპანიასთან, რომელმაც ქარელის მერიას თურქეთის რესპუბლიკაში დამზადებული ტრენაჟორების შეძენა შესთავაზა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები