ახალი ამბები
კუნძულზე 2 მწყემსი დარჩა საქონლის საყარაულოდ
მდინარე მტკვრის ჭალებში წარმოქმნილ კუნძულზე, ორი მწყემსი დარჩა. მათ ათობით ძროხა და ცხვარი არ მიატოვეს, იმ მოტივით, რომ სავარაუდოდ ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე მტაცებელი ნადირიც იმყოფება.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში იმყოფებიან, რომლის სიახლოვესაც ხელოვნური კუნძული წამოიშვა. 6 მწყემსიდან 4 მათგანი უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს. კუნძულზე დარჩენილ ახალგაზრდებს კი, კარავი დაუტოვეს.

სოფლის წარმომადგენელი, დავით ადუაშვილი ამბობს, რომ წყლის დონის მომატება დილიდანვე შეინიშნებოდა, თუმცა კუნძულის ფართობი საკმაოდ დიდია და, შესაბამისად, მისი დატბორვის საფრთხე არ არსებობს.



,,მხოლოდ პრობლემა ის შეიქმნა, რომ საქონლის გადაყვანა ვერ მოხერხდა. სანამ გადმოვიდოდით, ერთად მოვაგროვეთ ნახირი, რომ ღამის განმავლობაში გაფანტულები არ დარჩენილიყვნენ. მაინც ნადირი არ იყოს სადმე. ადგილზე ორი ბიჭი დარჩა, არ დატოვეს საქონელი. მაშველებმა კარავი დაუტოვეს და ღამით კარავში დარჩებიან.'' - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები წყლის დონეს აკვირდებიან. იმ შემთხვევაში თუ მწყემსებს საფრთხე შეექმნა, დაუყოვნებლივ გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები