ახალი ამბები
ხელოვნურ კუნძულზე ჩარჩენილი თხები და ცხვრები ნავტიკით გადაყავთ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის სიახლოვეს წარმოქნილ ხელოვნურ კუნძულიდან თხებისა და ცხვრების გადაყვანა სპეციალური საბაგირო გზისა და ნავტიკის მეშვეობით დაიწყეს.

ადიდებულმა მტკვარმა ის მხარე ჩაკეტა, საიდანაც წყალმცირობის დროს, მდინარის ჭალაში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი გადაყავდათ. გაზაფხულის პერიოდში მოსალოდნელია, რომ წყლის დონე, კიდევ დიდხანს არ დაიწევს, შესაბამისად, აუცილებელი გახდა საქონლის გადაყვანა ხელოვნური გზით.

სპეციალური საბაგირო გზით ამ ეტაპზე მხოლოდ წვრილფეხა საქონლის გადაყვანაა შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 24 მარტს შევიდა შეტყობინება, რომ უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან წარმოიქმნა ხელოვნური კუნძული. კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი.

,,მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარის და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა გადაწყვიტა კუნძულზე დარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის მოაწყო ღამის გასათევი. მეხანძრე-მაშველები დარჩნენ ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარალელურად, დაიწყო წყლის დონის მონიტორინგი.'' - აღნიშნავენ სამაშველო სამსახურში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან უსაფრთხოების მიზნით და გრძელდება მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონის მონიტორინგი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები