ახალი ამბები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ბოშურის მკვიდრს, 84 წლის გივი ყველაშვილს სოფლის ცენტრში ხშირად ნახავთ. თუ გამოელაპარაკებით, ხეობის შესახებ ყველაფერს მოგიყვებათ. ბევრჯერ ყოფილა ჩვენი მეგზური, ოღონდ ვირტუალურად. ხეობის სოფლების შესახებ ყველაფერი იცის - სად რამდენი ადამიანი ცხოვრობს და რომელ სოფლამდე რა გზით შეიძლება მისვლა.

ის
მაშინ გავიცანით, როდესაც გასულ ზაფხულს, ბოშურში ყოფნისას, ზუსტად ამბულატორიასთან ჩვენს ავტომანქანას რაღაც დაუზიანდა. გივი ყველაშვილი ამ დროს ამბულატორიის წინ იჯდა და გამოგველაპარაკა. მოგვიყვა თავისი ახალგაზრდობის სამსახურის შესახებ, როგორ სარგებლობდა მაღალი გამავლობის მანქანით, როგორ ემსახურებოდა ათზე მეტი სოფლის კოლმეურნეობას, რა გზებით უწევდა სიარული და რა სირთულეები გადაიტანა ცხოვრებაში. აბა, მაგ მანქანით ამოსვლა როგორ შეიძლებოდაო, გვითხრა, როდესაც გაიგო, რომ ჟურნალისტები ვიყავით და სოფელში რეპორტაჟის გასაკეთებლად ავედით.

დღეს გივი ყველაშვილი მარტო ცხოვრობს და ამ ამბულატორიის ყოველდღიური სტუმარია.
ახლაც, როგორც კი სოფლის ცენტრს მივადექით, ამბულატორიაში, პატარა სკამზე ჩამომჯდარი დაგვხვდა. რამდენიმე დღის წინ ეზოში წაქცეულა და ხელი უტკენია.



გივის სამედიცინო დახმარებას ამბულატორიის ექთანი, თეა სომხიშვილი უწევს. ექთანი, რომელსაც ახლა ის 11 სოფელი აბარია, სადაც თავის დროზე, გივი ყველაშვილი კოლმეურნეებს თავისი „უაზით“ ემსახურებოდა. თეას არც მაღალი გამავლობის მანქანა ემსახურება და არც მსუბუქი.

„მეუღლე დიალეზზე იყო და გარდაიცვალა, ახლა არავინ მყავს ისეთი, ჩემი ჯანმრთელობა რომ აკონტროლოს. ამიტომ აქ თითქმის ყოველდღე მოვდივარ. მიხარია, რომ თეას დედა აქაურია, ჩვენი სისხლი და ხორცია. ამიტომ არის ასეთი გულისხმიერი ხეობის მიმართ. ისეთი გოგოა ლევიტანამდე ფეხით წასულა. 14 კილომეტრია იქამდე,“ - გვეუბნება გივი ყველაშვილი.

რთული ოპერაციების შემდგომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გივის თანასოფლელი, ბოშურელი ლეილა ყველაშვილიც, ამიტომ თეა მასთან სახლში ყოველდღე მიდის და ყველა საჭირო პროცედურას უტარებს.

„როგორც ვერცხლის წყალი, ერთ ადგილზე არ ჩერდება. კარგი გოგოა, ცოდნითაც და ყველანაირად იდეალურია. ერთი რომ ვუთხრა, ცუდად ვარ, იმ წუთას აქ გაჩნდება. ყველგან დადის. ხან ორმოცი, ხან ბოშური, ხან ზემო ბოშური, ლევიტანა. სულ ყველგან მიდის. მე სამი ოპერაცია მაქვს გადატანილი, პლიუს წნევები და შაქარი. ამიტომ ყოველდღე უწევს ჩემთან მოსვლა, რომ მაკონტროლოს. ამ გოგოს მადლობელი ვარ ძალიან,“ - ამბობს ლეილა ყველაშვილი.

მზია ჯალაღონია - შატაკიშვილი ზემო ბოშურში ცხოვრობს. წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა და ყველა ნათესავი იქ ჰყავს. ბოშურში მარტო ცხოვრობს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ამბულატორიის ექთნის დახმარება მასაც ყოველდღიურად სჭირდება.

„თეა ყველაფერში მეხმარება. ვთქვათ ღამის სამი საათია ან ოთხი საათი და დამირეკავს, რომ თეა შვილო ცუდად ვარ, მაშინვე აქ გაჩნდება. არ აქვს მნიშვნელობა, ზამთარია, თოვლია თუ რაა. ერთადერთი ჩემი იმედი ამ სოფელში არის თეა. ყველაფერს უანგაროდ აკეთებს. ნემსიც რომ მქონია გასაკეთებელი, იქიდან აქამდე ყინვაში ამოსულა და გაუკეთებია. ამის გამზრდელმა დიდხანს იცოცხლოს“, - გვეუბნება მზია ჯალაღონია-შატაკიშვილი.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდში, თეას დახმარებას მიჩვეულ მარტოხელა ადამიანებს განსაკუთრებით გაუჭირდათ. ამბულატორიის ექთანს მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციების გაწევა შეეძლო, კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში კი, პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდათ.

,,ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში მოვექეცით. რაღაცნაირი ჩაკეტილობის განცდა მქონდა. ვერსად მივდიოდი, მხოლოდ, ტელეფონით ვურეკავდით. ხეობაში კორონავირუსის სულ 7 შემთხვევა დადასტურდა. საბედნიეროდ, არ დაფიქსირებულა ბევრი შემთხვევა. ალბათ, იმიტომაც, რომ ნაკლები შეხება ჰქონდათ ქალაქთან. ხალხიც ერთმანეთთან დაშორებით ცხოვრობს“, - გვიყვება თეა პანდემიის პერიოდზე.

გორიდან ბოშურამდე 40 კმ-ია, თუმცა ამ მანძილის გასავლელად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას 40 წუთზე მეტი სჭირდება. თემს ერთი ამბულატორია ემსახურება, სადაც ექიმი და ექთანი მუშაობენ. ექთანს მიუვალ სოფლებში ძირითადად ფეხით უწევს სიარული.
თეას საკუთარი საქმე განსაკუთრებულად უყვარს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მუშაობა საკმაოდ რთულ პირობებში უწევს, რადგან ხეობაში ძნელად მისასვლელი გზებისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ტრანსპორტით გადაადგილება რთულდება, ხშირად კი პაციენტამდე მისასვლელად ტრანსპორტიც არ ჰყავს.

„სიმართლე რომ გითხრათ, კარგ პირობებში მუშაობა არ მიწევს. ვემსახურები 11 სოფელს და ყველაზე მეტად ის მიჭირს, რომ ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე? ზოგი ვერ მიგზავნის ტრანსპორტს. პირადად, მეც არ მყავს ავტომობილი. კარგი იქნებოდა, ერთი მანქანა რომ გვემსახურებოდეს. 11 კილომეტრის დაშორებული სოფლიდან რომ გირეკავენ, მიშველეო, მე იმას ვფიქრობ, როგორ ავიდე. ძალიან ძნელია. ისე გეგმიური შემოწმებების დროს ფეხითაც წავსულვარ ლევიტანამდე, რაც დაახლოებით 10-12 კილომეტრია“, - გვიყვება თეა.

40 წლის თეა სომხიშვილი პროფესიით ექიმია, თუმცა ამჟამად ექთნად მუშაობს. ბავშვობა ბოშურში გაატარა, ამიტომ ხეობა და ხეობელები მას განსაკუთრებით უყვარს. ამბობს, რომ სოფლის ამბულატორიაში მუშაობა კარგი მიზეზი აღმოჩნდა მისთვის ბოშურში დასაბრუნებლად.

„1998 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებულ სამედიცინო კოლეჯში, სადაც ვისწავლე 2 წელი და, მისი დასრულების შემდეგ, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსზე ავტომატურად ჩავირიცხე. კოლეჯმა მომცა ექთნის დიპლომი. 2006 წელს სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და იმავე წელს ჩავირიცხე რეზიდენტურაში, კლინიკური კარდიოლოგიის განხრით. რეზიდენტურა იყო ოთხწლიანი და შემდეგ, ოჯახური პირობების გამო, ვეღარ მოვახერხე რეზიდენტურის დამთავრება, თუმცა ახლახან აღვიდგინე თავი და კიდევ ერთი წელი უნდა ვიარო, რომ მოვახერხო რეზიდენტურის მოდულების ჩაბარება. შემდეგ ავიღებ ექიმის სერთიფიკატს და სადაც გამოჩნდება ექიმის ვაკანსია, ვიმუშავებ ექიმად“, - ამბობს თეა.

რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს ისევ მშობლიური ხეობის მოსახლეობას დაუკავშირებდა, თუმცა 4 წლის წინ თეას დედასთან და შვილთან ერთად ბოშურში დაბრუნება მოუწია.

„მადლობა უფალს, რომ დედაა ჩემს გვერდით, ახალგაზრდაა, შეუძლია და ის მეხმარება. მე, ჩემი შვილი და დედა ვცხოვრობთ აქ მარტო. დედა რომ არ მედგას მხარში, მე ამდენს ვერ შევძლებდი, იმიტომ რომ ჩემი შვილი ფაქტობრივად დედის გარეშე დარჩებოდა, დედის ის, რასაც მე ვაკეთებ და რა დროსაც ვუთმობ, დედის დამსახურებაა, რადგან ხშირად მქონია შემთხვევები, ღამის ორ სამ საათზე ან გამთენიის ხუთ ექვს საათზე წავსულვარ პაციენტთან“ - ამბობს თეა სომხიშვილი.

11 სოფლის ექთანს განსაზღვრული სამუშაო საათები არ აქვს, რადგან დღე-ღამის ნებისმიერ დროს მზადაა, ავადმყოფთან მივიდეს და მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს. წუხს, რომ პანდემიამ რაღაც პერიოდში ხალხთან ურთიერთობა შეუზღუდა.

„ვემსახურები საოცარ ხალხს, მათგან მოდის დადებითი ენერგეტიკა და მიყვარს ჩემი საქმე. სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში დისტანციურად გვიწევდა კონსულტაციების გაცემა და პაციენტებთან სახლში მისვლას ვერ ვახერხებდი. უბრალოდ, იმდენ რამეს ვერ ვაკეთებდი, რაც შემეძლო რომ გამეკეთებინა. ჩაკეტილები ვიყავით და გარკვეულ წილად ამ ყველაფერმა პრობლემები შექმნა. სოფლის ტრანსპორტიც აღარ დადიოდა. მეც ვეღარ ვახერხებდი ამბულატორიიდან ისეთი სიხშირით გასვლას, როგორც მანამდე. მოგვაკლდა პაციენტებთან უშუალო კონტაქტი“, - ამბობს თეა.


ფიქრობს, რომ პანდემიისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, თუმცა იცის, რომ ქვეყანაში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რომელიც მის კოლეგას უკავშირდებოდა, ბევრი ადამიანი დილემის წინაშე დააყენა:

„ზოგადად აცრების მომხრე ვარ. აქაც 30 ბავშვი გვყავს დარეგისტრირებული და გეგმიურ აცრებს ვუტარებთ. მე და ამბულატორიის ექიმი ყოველ წელს ვიკეთებთ აცრას გრიპის ვირუსზე.“

ბოშურის ამბულატორიაში გრიპის ვირუსებზე ყოველთვიური აცრები ტარდება, ასევე სხვადასხვა კლინიკების წარმომადგენლები უფასო კვლევებს ატარებენ და აქციებს აწყობენ.

,,მაგალითად ოფთალმოლოგები ამოდიან ხშირად. ასევე სწრაფი ტესტები კეთდება შიდსზე და ,,ც“ ჰეპატიტზე. რასაც კი გვაწვდის ჯანდაცვის სამინისტრო, ყველაფერს ვახორციელებთ ბოშურში. მე, ძირითადად, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, რაც არის იმას ვაკეთებ. რეგულარულად ვაკონტროლებ წნევას და შაქარს პაციენტებში და თუ რაღაც საეჭვო ან ყურადსაღებია, ვამისამართებ ექიმთან“, - გვიყვება თეა.

ბოშურის თემის 11 სოფელში დაახლოებით 1000 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მუდმივად, ზამთარ-ზაფხულ, სოფლებში 500-600 ოჯახი რჩება. თეა სომხიშვილს ბოშურის თემის ყველა სოფელში კარგად იცნობენ - პანდემიამდეც და პანდემიაშიც ერთი დღეც არ ყოფილა, როდესაც ადგილობრივებს მისი დახმარება არ მიუღიათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები