ახალი ამბები
ახალგორელი აქტივისტი მეოთხე დღეა შიმშილობს
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი მეოთხე დღეა შიმშილობს. მისი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას იმ მიზეზების გამო მიმართა, რომლის გარკვევას 3 თვეა უშედეგოდ ცდილობს.

მან წერილობით მიმართა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, ეკონომიკის მინისტრს - ნათია თურნავას, შ. პ. ს. "ახალგორის საავადმყოფოს დორექტორს - მაკა გათენაშვილს.

,,ვშიმშილობ, რათა მივიღო საჯარო ინფორმაცია - რას ხმარდება თანხა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ირიცხება შ.პ.ს. "ახალგორის საავადმყოფო" ს ანგარიშზე. 

,,რატომ მაინტერესებს?- მე იმ რამდენიმე ადამიანს შორის ვარ, ვინც აქ ცხოვრობს და არ აქვს დევნილის დახმარება - არც კოტეჯი მიმიღია, არც ფულადი კომპენსაცია და არც სოციალური დახმარება მაქვს. სწორედ მე და იმ რამდენიმესთვის უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტის თანხა, რომელიც თითქოს ახალგორის საავადმყოფოს მუშაობას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, არანაირ დახმარებას არ ვიღებ - ექიმს ფულს ვუხდი, წამალს თავად ვყიდულობ... რაც უფასოდ მიმიღია - ცხინვალი აფინანსებს. რაში იხარჯება ბიუჯეტის თანხა - ამის გარკვევას ვცდილობ.'' - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

საავადმყოფო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსნდება:

,,მედიაში არაერთხელ გავიდა მასალა ამაზე, აუდიტის სამსახურმაც დაადასტურა ის, რაზეც ვწერ, თუმცა არაფერი იცვლება. რა გამოდის? აქ უნდა ვიცხოვრო, გავიარო ის სირთულეები, რაც აქ ცხოვრებას ახლავს, მუდმივი სტრესი, უიმედობა, შიშში ცხოვრება იმისთვის, რომ როგორც ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ვარსებობდე, რათა თბილისმა გაამართლოს ანგარიშებში თანხის გამოყოფა და მითვისება? ველი ინფორმაციას, რომელიც საჯაროა - 2019 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე რას მოხმარდა საავადმყოფოს დაფინანსება, ქართული დაფინანსების ფარგლებში რა უფასო სამედიცინო მომსახურებით შემიძლია ვისარგებლო?'' - კითხულობს თამარ მეარაყიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები