ახალი ამბები
ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ოსური მხარე პატიმრების გაცვლას ითხოვს
,,ვერ წარმოედგინა, რომ ასეთ დღეში ჩავარდებოდა'' - ამბობს ირმა ბუთხუზი. მან, შვილებთან და მამამთილთან ერთად, მეუღლე ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში მოინახულა.

მისი თქმით, ზაზა გახელაძე ელოდებოდა, რომ მას იმ რუს ჯარისკაცებში გაცვლიდნენ, რომლებიც სოფელ ხურვალეთის სიახლოვეს, საქართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დროებით დააკავეს.

,,ყველაფერი იცის, რაც ხდება. აქვს იმის საშუალება, რომ თვალი მიადევნოს მოვლენებს. მე არ ვიცი, საიდან იგებს ამ ყველაფერს, მაგრამ ეუბნებიან ოსები, რომ იქნებ ვინმე პატიმარში გაგცვალონო. ჩვენ არ ვიცით, ვინ არის დაპატიმრებული იმათი მხრიდან. ეუბნებიან ზაზას, რომ რატომ არ ათავისუფლებენ ჩვენს პატიმრებსო' - ამბობს ირმა ბუთხუზი.

წითელი ჯვრის დახმარებით პატიმარი ზაზა გახელაძე ციხეში ცოლს, ქალიშვილებს და მამას შეხვდა. ირმა ბუთხუზი რადიო თავისუფლებას ქმართან შეხვედრის დეტალებს უყვება.

ამის შესახებ ვრცელ სტატიას რადიო ,,თავისუფლება'' აქვეყნებს.

ზაზას მეუღლე, ირმა ბუთხუზი რადიო ,,თავისუფლებას'' უამბობს, რომ ზაზა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულია. პატიმრებს საკანში ტელევიზორიც აქვთ და ის, რასაც ისმენს, ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს.

"ძალიან უიმედოდ არის. ერთადერთი რისი იმედიც გამიჩნდა, ისიც ორ საათში მომიკვდაო. რუსი ჯარისკაცების დაკავებას გულისხმობდა და მაშინ მიეცა იმედი, რომ გაცვლიდნენ. (7 მარტს, შსს-მ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული პირი დააკავა და მალევე გაათავისუფლა) ციხეში იცი რა სიტუაციაა, ზაზას სულ ეუბნებიან, რომ თქვენი ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს და რა გაუხდა თქვენ მთავრობას, რომ ერთი ოსი დათმონ და შენ გაგცვალონო. ზაზას არ ეუბნებიან ვისზეა ლაპარაკი, მაგრამ ეუბნებიან, რომ საქართველოს ოსები ჰყავს დაკავებული და არ გცვლიანო. ზაზას უთქვამს, ვიცი, რომ ოქონის ხატის ამბავზე (საუბარია ოქონის ტრიპტიკონზე, რომელიც საქართველოს მუზეუმშია და მასზე პრეტენზიას დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს) და ჩორჩანას საგუშაგოს აღებაში არ გამცვლიანო. ზაზას კითხვები უჩნდება, თუ მართლა არის ვინმე ოსი საქართველოში დაკავებული რატომ არ მცვლიანო. ძალიან უიმედოდ არის. ბავშვებს რომ ეფერებოდა, ასე ეუბნებოდა, ალბათ რომ გამოვალ, უკვე დიდები იქნებით და ვეღარ ჩაგეხუტებით და მოგეფერებითო. დაკავებაზე რომ ვკითხე, ასე მიპასუხა-ერთი იცოდე, რომ მე არ მისვრია და არც იქით მხარეს გადავსულვარო. და ამ თემაზე და თავის პრობლემაზე აღარაფერი მითხრა." - ამბობს ირმა ბუთხუზი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს 33-წლის ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე, 2020 წლის 11 ივლისს, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები