ახალი ამბები
პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა კასპში გაიმართა
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა გასვლითი სხდომა კასპის მუნიციპალიტეტის ტექნოლოგიურ პარკში გამართა. სხდომას დეპუტატებთან ერთად რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე კულტურის კომიტეტის ცალკე შექმნის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, დეპუტატებმა რეგიონში კულტურის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, ყურადღება შემოქმედებით კულტურულ ტურიზმსა და მის განვითარებაზე გაამახვილეს, მათ შორის რეგიონის განვითარების გეგმაზე, გიდების გადამზადების პროგრამასა და კულტურის მიმართულებით მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე.

"სხდომაზე ვისაუბრეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ; განვიხილეთ, კულტურის რომელი მიმართულებები არის უფრო მეტად პრიორიტეტული; ვიმსჯელეთ, თუ რა შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის უფრო მეტად ეფექტიანი და შედეგიანი მათი სამომავლო გეგმების განხორციელებისას", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ სხდომის დასასრულს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის ინფორმაციით, კომიტეტი გასვლითი სხდომების გამართვას სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

"დავიწყეთ აქტიური შეხვედრები რეგიონებში კულტურის აიპ-ების ხელმძღვანელებთან, რათა მოვახდინოთ მონიტორინგი იმ გამოწვევების, რაც პანდემიით მიყენებული ზიანის ფონზე არსებობს, ინფრასტრუქტურის ნაწილში რა პრობლემები გვაქვს და რა არის უახლოეს პერიოდში აუცილებლად გადასაჭრელი. ასეთი ტიპის შეხვედრები არის ძალიან ეფექტიანი, ამიტომ შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გავმართავთ. ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთად მოვახერხებთ ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

დღესვე კომიტეტის წევრებმა საქართველოს სახალხო არტისტის, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევში მდებარეობს.

კომიტეტის სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მწერალ გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები