ახალი ამბები
გორში ძაღლის წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გორის შს სამმართველოში ძაღლის წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. 

სწორედ მან შეატყობინა qartli.ge-ს, კირიონ მეორის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. ველობილიკზე ძაღლი ფეხებშეკრული, მკვდარი იპოვეს.

ფაქტის გახმაურების შემდეგ, რედაქციას მოქალაქე დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის კირიონის ქუჩაზე ცხოვრობს და დარტყმის ხმა გაიგონა:

,,ჩვენ ხმა გავიგეთ, რომ ძაღლს მანქანამ დაარტყა. გამოვიხედეთ და დავინახეთ, რომ პატრულმა მოაბა ფეხზე მავთული და გვერდით გადაათრია. უფრო სწორად პატრულმა წაიყვანა მკვდარი ძაღლი'' - აღნიშნავს მოქალაქე, თუმცა მას განვუცხადეთ, რომ პატრული შემთხვევის ადგილზე არ იმყოფება, ხოლო მკვდარი ძაღლი ტომარაში ახალგაზრდებმა წაიყვანეს.

თუმცა, ვურჩიეთ, რომ მიმართოს გამოძიებას და აცნობოს ფაქტის შესახებ. გვიპასუხა, რომ დაკითხვებზე სიარული არ სურს.

რაც შეეხება ფაქტს, შემთხვევის ადგილზე ყოფნისას ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა, რომ მას მანქანის დარტყმის ხმა არ გაუგონია. მისი თქმით, დაახლოებით 10 წუთის ინტერვალით, ის სახლში შევიდა და გამოვიდა. როდესაც გამოვიდა, დაინახა მკვდარი ძაღლი, ფეხებშეკრული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები