ახალი ამბები
ძამის ხეობის ბერს სულიერი ძმები ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შალვა ზამბახიძე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით ვერსიით, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს.

პოლიციის უფროსის მოადგილის დაკავებას წინ უძღოდა ,,მთვარი არხის'' სპეციალური რეპორტაჟი. ამ რეპორტაჟში რესპოდენტი სასულიერო პირია, რომელსაც შეიარაღებული სულიერი ძმები ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, იმის გამო, რომ ის სამღვდელოების მანკიერ მხარეებს დაუპირისპირდა.

ბერი იონას თქმით, ეპარქიის მმართველმა მეუფე იობმა, დაძაბული ვითარებისგან გაცლის მიზნით, ციხეში წასვლის კურთხევა მისცა.

,,ამის შემდეგ მასთან პოლიციის მაღალჩინოსანი რეკავს. გადაწყდა, რომ ბერს ვითომ იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავებდნენ. ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა, და სამი დღის წინ ბერი დააკავეს. მას პირადად პოლიციის უფროსი დახვდა, მიაცილა დანაშაულის ადგილამდე და მერე საპატიმრომდე. გადაცემის "მთავარი შაბათს" ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება გამოსცა და სამდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ დაკავებული გაათავისუფლა.'' - აღნიშნულია მთავარი არხის რეპორტაჟში.

მთავარ არხთან საუბარში ბერი იონა აცხადებს, რომ სულიერი ძმები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, როდესაც მან ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გარეთ გამოიტანა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები