ახალი ამბები
გორში დიდ შაბათს სააღდგომო ბაზრობა გაიმართება
2021 წლის 1 მაისს, დიდ შაბათს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში (გორის ციხესთან) სააღდგომო თემატიკის ნივთების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება.

ამის შესახებ ეპარქიიდან გვაცნობეს. ბაზრობა, გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა - კურთხევით, დღის 2 საათზე დაიწყება.

,,მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ეხერხება ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ქსოვა, ქარგვა, რეწვა, სამკაულებისა და დეკორაციების შექმნა ან სხვადასხვა სახის შემოქმედებით ნიჭს ფლობენ'' - აცხადებენ ეპარქიაში.

ასევე შეუძლია მათ, რომლებიც ახცობენ, ამზადებენ განსაკუთრებული რეცეპტით სააღდგომო პასკებს, სააღდგომო კვერცხის ფორმის ტკბილეულს ან უბრალოდ საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტყლაპს, ჩურჩხელებს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, ჯემებს, კომპოტებსა და მურაბებს, მარინადებს, სუფთა თაფლს, საოჯახო ღვინოს და ა.შ...

გარდა ამისა, ბაზრობაზე იწვევენ მასაც, ვისაც სახლში მოეპოვებათ სააღდგომო თემატიკის აქსესუარი, კვერცხის ფორმის დეკორაციები, მისალოცი ბარათები.

,,შესაძლოა წლების მანძილზე სახლში გედოთ რაიმე ნივთი, რომელსაც არ იყენებთ, ვიღაც კი სწორედ ამ ნივთს ასევე წლებია ეძებს და არაა გამორიცხული, ჩვენს გამოფენაზე შემთხვევით თქვენც იპოვოთ სასურველი რამ...' - მიმართავს ეპარქია მრევლს.

სკვერში ნივთების გამოსაფენად მსურველებს დახლები გამზადებული დახვდებათ. ყოველ ნივთს თუ ნაწარმს სიმბოლურ ფასად გაყიდიან, ხოლო სურვილისამებრ გაიღებენ შესაწირს. სკვერის ცენტრში დაიდგმება ყუთი და შემოსული თანხით სააღდგომოდ მრევლის ყველაზე გაჭირვებილ ოჯახებს დაეხმარებიან.

ყველა მონაწილე ვალდებულია: ეკეთოს პირბადე და ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი; დაიცვას 2 მეტრის დისტანცია მეორე მონაწილისაგან.

სკვერის ორივე შესასვლელში იდგებიან სტიქაროსნები, რომლებიც გააკონტროლებენ სტუმრების ნაკადს და მომლოდინეთა დისტანციას - თითო ჯერზე სკვერში შევა 10 ადამიანი.

დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ: 5 9 8 11 88 50 - ალექსანდრე
Print

სტატიის გამოყენების პირობები