ახალი ამბები
გორში ,,ქართული ოცნება'' გიორგი ხოჯევანიშვილს მანდატის დატოვებას ურჩევს
გორის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' ხელმძღვანელი მიხეილ გოგინაშვილი ამბობს, რომ ,,ქართული ოცნებიდან'' წასულმა დეპუტატებმა საპარლამენტო მანდატი უნდა დატოვონ.

მისი აზრით, მოქმედი დეპუტატების მხრიდან ეს უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება. შეგახსენებთ, დღეს, 6-მა დეპუტატმა, მათ შორის, გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ,,ქართული ოცნება'' დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა.

საკრებულოს მმართველი გუნდის ლიდერი განმარტავს, რომ ამ დეპუტატმებმა ,,ქართული ოცნების'' წყალობით მოიპოვეს პარლამენტარობა:

,,ოცნების მხარდაჭერით და ოცნების მხარდამჭერებით გასულებმა [გამარჯვებულებმა], როცა გადახტომა უნდათ, მანდატები უნდა დატოვონ. სწორი ასე იქნება''- განაცხადა მიხეილ გოგინაშვილმა.

ხოჯევანიშვილის დეპუტატობას ხმა, გორსა და კასპში, 41 333-მა ამომრჩეველმა მისცა, მაშინ როდესაც მაჟორიტარულ ოლქში 135 795 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებზე გამოცხადდა 77 743 მოქალაქე.

რაც შეეხება პარტიას, საპარლამენტო არჩევნების დროს, ,,ქართულ ოცნებას" მხარი 38 371-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები