ახალი ამბები
შიდა ქართლში ყველაზე "სუფთა და ლამაზ ქუჩად" გორის გოგებაშვილის ქუჩა დასახელდა
კონკურსის "სუფთა რეგიონი 2020" - ს ნომინაციაში "სუფთა და ლამაზი ქუჩა" გოგებაშვილის ქუჩამ გაიმარჯვა. კონკურსში გოგებაშვილის ქუჩა გორის მერიამ წარადგინა.

ღონისძიებაში, რომელიც 8 ნომინაციას მოიცავდა, ქვეყნის მასტაბით ყველა მუნიციპალიტეტის შეეძლო მონაწილეობის მიღება.

გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას 14 აპრილს, თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულმა შენობამ უმასპინძლა.

კონკურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანი იყო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.

ღონისძიება 2015 წლიდან იმართება პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ "გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან" და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

გოგებაშვილი ქუჩის პირველი მონაკვეთი 2018 წელს რეაბილიტირდა. განხორციელდა ქუჩის სატრანსპორტო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაცია, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ბულვარი და საკანალიზაციო ქსელი. სამუშაოების ღირებულებამ 1 135 236 ლარი შეადგინა. გოგებაშვილის ქუჩის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის ღირებულება 984 994 ლარია. რეაბილიტირებული ნაწილის მსგავსად, ქუჩის აღნიშნული მონაკვეთიც მდინარე მეჯუდას სანაპიროს მიუყვება.

ქვემოთ ფოტოზე: გოგებაშვილის ქუჩა 2020 წლამდე

Print

სტატიის გამოყენების პირობები