ახალი ამბები
,,მიხვდნენ მთავარს, მაგალითად, იმას, რომ გრიგოლიას ინგა ჰქვია'' - თეა წულუკიანი
,,მე ვუსმინე მათ და კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ისინი მიხვდნენ ყველაზე მთავარს, რაც კი არის დღეს იმისთვის, რომ პოლიტიკაში კარგი სტარტი გქონდეს... მაგალითად იმას, რომ გრიგოლიას ირმა კი არა ინგა ჰქვია.'' - განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას გუნდთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უაღრესად საინტერესო ეთერი იყო, როდესაც სატელევიზიო გადაცემაში გახარიას გუნდის წევრები საუბრობდნენ. კულტურის მინისტრი ამავე დროს გახარიას ერთ-ერთ ინტერვიუს გულისხმობდა, სადაც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას სახელი რამდენჯერმე შეეშალა და გუნდის ლიდერმა ირმა დაუძახა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრი პარტია "ქართულ ოცნებას" დატოვა, მათ შორის, გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტია ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ დატოვეს.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ისინი გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან, ხოლო დღეიდან პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან და საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები