ახალი ამბები
ჟურნალისტებს შიდა ქართლის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების მიმართ პრეტენზიები აქვთ
გორში სტუმრად მყოფ ამირან გამყრელიძეს ჟურნალისტებმა შესჩივლეს, რომ ჯანდაცვის ცენტრის რეგიონული წარმომადგენლები მედიასთან არ თანამშრომლობენ.

ამის შესახებ დაძაბული საუბარი გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს წარიმართა. ბრიფინგს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მართავდა, გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარი გიუნაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ეკა ქორჩაშვილი ესწრებოდნენ.

რამდენიმე ჟურნალისტის პრეტენზიებს ისინი არ დაეთანხმნენ, თუმცა დაადასტურეს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კომუნიკაცია ჟურნალისტებთან პირადად არ ჰქონდათ:

,,ეს იყო ზაფხულის პერიოდში, როდესაც ჟურნალისტებთან კომუნიკაცია გუბერნიის წარმომადგენლებს ჰქონდათ. ჩვენ გუბერნატორის ადმინისტრაციას ვაწვდიდით ყველანაირ ინფორმაციას, შემდეგ კი, ისინი აწვდიდნენ ჟურნალისტებს. სხვა მხრივ, ჟურნალისტებთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვქონია'' - განაცხადა მარი გიუნაშვილმა, რომლის უწყება გორის მერიის დაქვემდებარებაშია.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ წარმომადგენელს, ეკა ქორჩაშვილს მას შეხვედრაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დისკუსიის დროს, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა დააკონკრეტეს ის პრობლემური საკითხები, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან გააჩნიათ. ყველაზე მეტი პრობლემა ქარელისა და ხაშურის ჯანდაცვის ცენტრების მისამართით გაისმა, ნაკლებად - გორთან.

ამირან გამყრელიძემ ვერ დაიჯერა, რომ მარი გიუნაშვილთან და ეკა ქორჩაშვილთან მედიის წარმომადგენლებს პრობლემები ჰქონდეთ, თუმცა დაეთანხმა კოლეგებს, რომ ყველა ინფორმაცია რეგიონებში არსებულ საკოორდინაციო შტაბში იყრის თავს. შესაბამისად, ჟურნალისტები გუბერნატორის აპარატში შექმნილ შტაბებს უნდა დაკავშირებოდნენ.

ჟურნალისტები ითხოვენ, რომ მედიასთან კომუნიკაცია, გუბერნატორის ადმინისტრაციის შუამავლობის გარეშე, დამყარდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები