ახალი ამბები
კინოცენტრში აღადგენენ 1922 წელს გადაღებულ ფილმს - ,,სურამის ციხე''
ეროვნული კინოცენტრი ,,სურამის ციხის'' რეტროსპექტივას გეგმავს. ფილმის ასლი, რუსეთის ,,გოსფილმის'' ფონდიდან, უკვე დაბრუნებულია.

ეროვნულ კინოცენტრში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს ჩატარდება გამოსახულების და ფერის კორექცია, ასევე, ინტერტიტრების დამზადება.

,,სურამის ციხე" 1922 წელს რეჟისორმა ივანე პერესტიანმა გადაიღო. ის არის ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებული პირველი ქართული საბჭოთა ფილმი. გადაღებულია დანიელ ჭონქაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

ლეგენდის თანახმად, ყმა დურმიშხანი სახლს ტოვებს და სამუშაოდ მიდის. მის დაბრუნებას ელოდება სატრფო - ვარდუა. თუმცა, დურმიშხანი მდიდარ საცოლეს შეხვდება და გამდიდრდება.

ლოდინით გაწამებული ვარდუა მკითხავი გახდება და წლების შემდეგ მოღალატე შეყვარებულზე შურს იძიებს.

ეს ის პერიოდია, რომ ხალხს მტრის შემოსევის შიში აქვს, ხოლო სურამის ციხეს გამაგრება ჭირდება. მკითხავმა ვარდუამ ასეთი რჩევა მისცა მშენებლებს: იმისთვის რომ ციხე მტკიცე იყოს, სურამის ციხის კედელში, ცოცხლად უნდა ჩააყოლონ დურმიშხანის ვაჟი - ზურაბი. ასეც, მოიქცევიან. შემდეგში, დურმიშხანი იცნობს მკითხავ ვარდუას, ხანჯლით განგმირავს და თვითონაც მოიკლავს თავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები