ახალი ამბები
ცხინვალში პროვოკაციად შეაფასეს 5-დღიანი კარანტინის მოხსნის ფაქტი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აყვნენ თბილისის პროვოკაციას და არ დაარღვიონ ე.წ. საზღვარი. ამის შესახებ განცხადებას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლის შემთხვევაში, მოქალაქეებს 5-დღიანი კარანტინის გავლა აღარ უწევთ:

,,საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა შესთავაზა. გააუქმა მათთვის გათვალისწინებული სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინი. ასეთი " პრივილეგიების " მინიჭება უხეში პროვოკაციაა, რაც საფრთხეს უქმნის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოებას ", - აღნიშნულია კგბ-ს განცხადებაში.

კგბ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გამყოფი ხაზის გადაკვეთამდე იფიქრონ შესაძლო შედეგებზე, კერძოდ, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ასევე, იმ ეპიდემიოლოგიუ სიტუაციაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებობს.

19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

"ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეებისთვის დაწესებული საკარანტინე ვადა ეტაპობრივად, თავდაპირველი 14 დღიდან 8 დღემდე, ხოლო 2021 წლის 11 თებერვალს - 5 დღემდე შემცირდა", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები