ახალი ამბები
,,ჩემი მეუღლე პოლიციას თავად ჩაბარდა'' - ახალი დეტალები ახალდაბაში მკვლელობის ფაქტზე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მცხოვრები ციალა სეხნიაშვილი ამბობს, რომ მის მეუღლეს რამდენჯერმე სცემეს. ხოლო გუშინდელი მკვლელობის ფაქტი, სავარაუდოდ, ბოლო დროს განხორციელებული ზეწოლის შედეგია.

ციალა სეხნიშვილი სურენ (ზვიად) მაჭარაშვილის მეუღლეა, რომელსაც 48 წლის ვალერი ნაცვლიშვილის მკვლელობაში ედება ბრალი. 75-წლის მამაკაცი შიდა ქართლის პოლიციამ გუშინ დააკავა.

ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ მკვლელობის საქმეში არ ფიგურირებს შვილი, რადგან რეგიონში საერთოდ არ იმყოფებოდა.

,,გუშინ ძალიან ბევრი რამ დააბრალეს ჩემ ოჯახს და ჩემ შვილს. ვითომ მამა-შვილმა მოკლეს ის ბიჭი. ჩემი შვილი საერთოდ არ იმყოფებოდა სოფელში. ჩემი მეუღლე კი ახალი გამოსულია ციხიდან. რაც ციხიდან გამოვიდა, არ ასვენებდნენ. რამდენჯერმე სცემეს კიდეც. პოლიციაც ჩართული იყო ამ საქმეში და იძიებდნენ.'' - ამბობს ციალა სეხნიაშვილი.

ნაცვლიშვილებსა და მაჭარაშვილებს შორის დაპირისპირება წლების წინ, 1990-იან წლებში, ფერმასთან დაკავშირებულ საკითხზე დაიწყო. 2004 წელს მოკლეს გია ნაცვლიშვილი. პოლიციამ, გია ნაცვლიშვილის მამის, ვახტან ნაცვლიშვილის ჩვენების საფუძველზე 3 ადამიანი დააკავა. მათ შორის, ორი მამაკაცი სურენ მაჭარაშვილის და ციალა სეხნიაშვილის შვილები არიან.

2006 წელს ერთ-ერთი ბრალდებული გაამართლეს, ხოლო ძმები პატიმრობაში დატოვეს. როგორც ნაცვლიშვილები ამბობენ, არ წყდებოდა ზეწოლა ვახტანგ ნაცვლიშვილზე, როგორც ერთადერთ მოწმეზე. ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ ვახტანგ ნაცვლიშვილი იყო ირიბი მოწმე, პოლიციამ კი, საქმე არაობიექტურად გამოიძა და მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენებას დაეყრდნო.

იხ. ამავე თემაზე


მორიგი მკვლელობა 17 წლის შემდეგ – რა მოხდა 2004 წელს სოფელ ახალდაბაში

Print

სტატიის გამოყენების პირობები