ახალი ამბები
ჯგუფი "მხარდამხარის'' ცნობით, ვალია ვანიშვილი ავადაა და მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება
ვალია ვანიშვილი ავადაა და მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯგუფი ,,მხარდამხარის'' წევრები ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, ოჯახს აქვს სხვა საჭიროებებიც, რაზეც ვალია ვანიშვილი და მისი შვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს 3 აპრილს, სოფელ ხურვალეთში ვიზიტისას ესაუბრნენ.

,,3 აპრილს იგი თავს ცუდად გრძნობდა და ამიტომ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებთან და სოციალური ჯგუფის - "მხარდამხარ" წევრებთან შესახვედრად მავთულხლართებთან მისი შვილი, ნანა ვანიშვილი გამოვიდა. მან ახალგაზრდა მოხალისე მხარდამჭერებს გააცნო ის საჭიროებები, რაც მარტოდ დარჩენილ მოხუც ქალს ქმრის გარდაცვალების შემდეგ აქვს. ვალია ვანიშვილი მედიკამენტებს ვერ ყიდულობს, რისი მიზეზი ისიც არის, რომ ვერც თავისი და ვერც გარდაცვლილი ქმრის პენსია ამ დრომდე ვერ აიღო.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა მედიკამენტებისა, მარტო მცხოვრებ ხანდაზმულს ესაჭიროება ოჯახში ელექტროენერგიის გამართვა და რეზინის მილი, რომლითაც მეზობლის სახლიდან წყლით სარგებლობას შეძლებს. გაუმართავი სადენების მიზეზით მომხდარმა მოკლე ჩართვამ ტელევიზორი და მაცივარი გადაუწვა. შესაბამისად, ოჯახისთვის ამ საოჯახო ტექნიკის შესყიდვაც საჭიროა.

საქართველოს ბანკი: GE83BG0000000644716800
თიბისი ბანკი: GE47თB7963636010100003
მიმღები - თეა თედლიაშვილი

ჯგუფი "მხარდამხარი" შეიქმნა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის "პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროგრამით. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები