ახალი ამბები
კასპში მოკლული ბიჭის დედა რძლის დაკავებას ითხოვს
ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე გორის პროკურატურის წინ აქცია გაიმართა. გარდაცვლილის დედის, ხათუნა რაზმაძის თქმით, მკვლელობის თანამონაწილეა ნოდარის მეუღლე, რომელიც დღესაც თავისუფალია.

კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, მკვლელობის ფაქტზე კი, ნოდარ ღუნაშვილის ძმაკაცი დააკავა. დედა კი ამბობს, რომ ძმაკაცთან ერთად, ნოდარის მეუღლეც უნდა დააკავონ:

,,ამდენი ხანია ხმას არ ვიღებდი, ბოლოს და ბოლოს, ამოვიდა ყელში ამ გოგოზე ხელის დაფარება. კატა ხომ არ მოკლეს, რომ აეღოთ და სასაფლაოზე დაეგდოთ. ბიჭი მოკლეს და მერე სასაფლაოზე გადააგდეს. დააკავონ ცოლი და მერე გააგრძელონ გამოძიება. იმის მტკიცებულება ხომ მაინც აქვთ, რომ დანაშაულს ფარავდა?. დააკავონ დანაშაულის დაფარვაზე და ისე გააგრძელონ გამოძიება' - აცხადებს ხათუნა რაზმაძე.

აქციის გამართვა დღეს ნოდარ ღუნაშვილის მეუღლის დაკითხვის ფონზე წარიმართა. ის პროკურატურამ განმეორებით დაკითხა. როგორც ქალის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძემ გვითხრა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან და ყველა დეტალს დაზუსტებით და ობიექტურად მიაწვდის გამოძიებას>

ნოდარ ღუნაშვილის მეუღლემ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მისი ქმარი სახლში წაიქცა, თავი დაარტყა. შემდეგ შეატყობინა ნოდარის ძმაკაცს, რომელმაც სახლიდან წაიყვანა. მას შემდეგ, რა მოხდა არ იცის.

ამ ჩვენების საფუძველზე პოლიციამ ნოდარის ძმაკაცი დააკავა, სწორედ, მკვლელობის ფაქტზე.

გარდაცვლილი ბიჭის დედა ამბობს, რომ ეს ისტორია მისმა რძალმა მოიგონა, რადგან თავიდან აიცილოს სასჯელი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები