ახალი ამბები
მასწავლებელთა აღიარების კონკურსი გამოცხადდა
ინოვაციური რეფორმებისადმი მასწავლებელთა ნდობისა და მოტივაციის განმტკიცების მიზნით USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა ატარებს რეგიონულ კონკურსებს მასწავლებლების განსაკუთრებული მიღწევების გამოსავლენად.

ამ ღონისძიების მიზანია მასწავლებლების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ სწავლების ეფექტური პრაქტიკის დანერგვას, მათი საქმიანობის სტიმულირებას და მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. მასწავლებელთა კონკურსის მხარდამჭერია პატარკაციშვილი-გუდავაძის საქველმოქმედო ფონდი.

მასწავლებელთა კონკურსები გამოავლენს საქართველოს თითოეული რეგიონის, მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონის სკოლების დაწყებითი (I-VI) კლასების მშობლიური ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის გამორჩეულ მასწავლებლებს სხვადასხვა კატეგორიაში. მასწავლებლების დაჯილდოების კატეგორიებია:

• საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) სწავლებაში
• საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში
• საუკეთესო დამწყები მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენა და ლიტერატურა) სწავლებაში
• საუკეთესო დამწყები მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში

ვინ შეიძლება იყოს წარდგენილი ჯილდოს მისაღებად?

კონკურსის ნომინაციებზე შესაძლებელია წარდგენილი იყოს I-VI კლასის ნებისმიერი მასწავლებელი, რომელიც ასწავლის კითხვას (მშობლიურ ენასა და ლიტერატურას) ან მათემატიკას.

დაჯილდოების ინდიკატორები

ინდიკატორი 1: მზაობის გამოხატვა ახალი სასწავლო მეთოდების ასათვისებლად
ინდიკატორი 2: შემოქმედებითობისა და ინოვაციების გამოყენება კითხვის ან მათემატიკის სწავლებაში
ინდიკატორი 3: კოლეგებთან თანამშრომლობა

ნომინაციის პროცესი

შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც რეგიონის ყველა საჯარო სკოლასთან მუშაობს. უნივერსიტეტის ტრენერები წაახალისებენ თავიანთი სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს, რათა მათ შეკრიბონ და წარსადგენად მოამზადონ ნომინაციის პაკეტი. ნომინაციაზე წარსადგენი ყველა დოკუმენტაციის შეგროვებაზე პასუხისმგებელი იქნება მასწავლებელი ან/და სკოლა. სკოლა გადასცემს ნომინაციის პაკეტს ტრენერს, რომელიც შეაფასებს მას USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისთვის წარდგენამდე.

პედაგოგის კონკურსში მონაწილეობას მხარს უნდა უჭერდეს სასკოლო საზოგადოება. მისი წარმატებების დასტურად ჟიურის წარედგინება დირექტორის, სხვა მასწავლებლის, სამეურვეო ან/და პედაგოგიური საბჭოს ან/და მშობლის სარეკომენდაციო წერილი, რომელშიც აღწერილია ნომინანტის წარმატებები დადასტურებული კონკრეტული მაგალითებით და ფოტომასალით.

განათლების სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური გამარჯვებულ პედაგოგებს მაისში გამოავლენს.

„ეს არის საუკეთესო მაგალითი, როგორ უნდა ჩაერთოს საზოგადოება, კერძო სექტორი განათლების სფეროს დაფინანსებაში, რომ აღიარებული და დაფასებული იყოს რეგიონში მოღვაწე მასწავლებლების საქმიანობა“ - ნენსი პარქსი, USAID საბაზისო პროგრამის ხელმძღვანელი.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მაწავლებელთა მხარდაჭერას, მათ წარმოჩენასა და საზოგადოებისთვის მათ გაცნობას. ჩვენი საქმიანობა მიმართულია სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ; სასკოლო საზოგადოებაში იმგვარი კომპეტენციებისა და უნარების განვითარებისკენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სკოლებს დაეხმარება, სასწავლო პროცესი უფრო ხარისხიანი და საინტერესო გახდეს“ - ზურაბ კერვალიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები