ახალი ამბები
ერგნეთში 99-ე შეხვედრა მიმდინარეობს
დღეს, ერგნეთში, მორიგი ოთხმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე უკანონო ბორდერიზაციის საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, ირაკლი ანთაძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლება, ასევე ითხოვს, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლებას.

აპრილის შუა რიცხვებში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ სადემარკაციო კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიის ახალ შემადგენლობას ე.წ. საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით, აქტიური მუშაობა დაევალა.

ახალი კომისიის შექმნიდან ცოტა ხანში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბორდერიზაციის სამუშაოები გაანახლეს, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: ტახტისძირის, დირბის, ღოღეთისა და თამარაშენის გასწვრივ ხნულები გაავლეს.

,,მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხი და ასევე, რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იქნება ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რაც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას. ჩვენი გზავნილები და ჩვენი მოლოდინები არის მხოლოდ ერთი - უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში, გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომა და ასევე, რა თქმა უნდა, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში, შეწყდეს ყველა ის უკანონო აქტივობა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას. ასევე, გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნავს ამ დღესასწაულს და გვაქვს მოლოდინი და დავსვამთ საკითხს, რომ ამ დღეებშიც მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება". - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები