ახალი ამბები
ხოჯევანიშვილის თქმით, გახარიას გუნდის წევრებზე რეგიონებში ზეწოლა ხორციელდება
,,აუცილებლად უნდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ მართლაც სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის მხარდამჭერების მიმართ - ზეწოლის ფაქტებს.' - ამის შესახებ გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია ქართულმა ოცნებამ, არ მუშაობს. მანამდე, ხოჯევანიშვილმა ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

,,დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვთ სამართლიანი განცდა, რომ ხელისუფლება მათზე სათანადოდ არ ზრუნავს და სხვა ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით არის დაკავებული. არავისთვის არაა სიახლე, რომ მძიმე სოციალური ფონია შექმნილი ქვეყანაში და ამას კონკრეტული საქმით რეაგირება სჭირდება.'' - აღნიშნა მან.

ხოჯევანიშვილი შიდა ქართლში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ განახლებულ ბორდერიზაციის თემასაც შეეხო:

,,ეკონომიკურ ვითარებას, ოკუპაციის მძიმე ტვირთიც ემატება. სამწუხაროდ, გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია, ამჯერად უკვე ქარელის მუნიციპალიტეტში. და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ურთულესი ყოფა. ეს არის ის საკითხები, რაც დღეს პირველ რიგში ხელისუფლების და პოლიტიკოსების განხილვის მთავარი თემა უნდა იყოს და პრინციპში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე გაცვლიან თუ არა ერთმანეთში სავარძლებს.'' - განაცხადა მან.


მისი თქმით, გახარიას გუნდის წევრები, უმოკლეს ვადებში კონკრეტული დღის წესრიგით, ქვეყანაში სისტემური განახლებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები