ახალი ამბები
ვარიანელი მოძღვარი გიორგი რურუას ულოცავს პატიმრობიდან გათავისუფლებას
ვარიანელი მოძღვარი, მამა გრიგოლ გოგიჩაძე ციხიდან გიორგი რურუას გათავისუფლებას მიესალმება და ყოფილ პატიმარს თავდადებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ სასულიერო პირმა qartli.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, იგი ოჯახის ახლობელი მოძღვარია, რომელმაც გიორგი რურუა საპატიმროშიც კი მოინახულა. მამა გრიგოლი ამჟამად ივანე მხედრის სახელობის ტარძის წინამძღვარია:

,,ვულოცავ ბატონ გიორგის პატიმრობიდან გათავისუფლებას. მას და მის ოჯახს ძალიან უყვართ პატრიარქი, დიდი ამაგი აქვთ ეკლესიაზე, მისი ძმა, ნიკა არაერთხელ დაგვხმარებია, როცა კულტურის მინისტრი იყო. როცა ვაკის ეკლესიის მოძღვარი ვიყავი, გიორგი და მისი საძმაკაცო ძალიან გვერდში მედგნენ. არ განარჩევდნენ იმას, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მომხრე ვიყავი თუ არ ვიყავი. არც მაშინ, როდესაც 2012 წელს ,,ქართულ ოცნებას' ვუჭერდი მხარს. ამას ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია'' - ამბობს მამა გრიგოლ გოგიჩაძე.

მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი რურუა 27 აპრილს პრეზიდენტმა შეიწყალა.

,,როცა დააკავეს, დამიკავშირდნენ მისი ოჯახის წევრები და მთხოვეს მომენახულებინა საპატიმროში. მას შემდეგ, არ გამომომიტოვებია არც ერთი ლოცვა, რომ არ მომეხსენიებინა. ვარ იოანე მხედრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და მანაც ასეთი მხედრული შემართებით გამოიჩინა თავდადება.'' - ამბობს სასულიერო პირი.

რურუას გათავისუფლების შესახებ ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის საბოლოოდ შეთანხმება შედგა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის რურუას შეიწყალებდა იმ შემთხვევაში, თუ მხრეებს შორის შეთანხმება შედგებოდა. 19 აპრილს შეთანხმება შედგა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები