ახალი ამბები
მოსწავლეები ქვემო ლეთეთიდან (PHOTO/VIDEO)


ქვემო ლეთეთში გვითხრეს, რომ სკოლის დამაარსებლის, აწ გარდაცვლილი ნიკოლოზ ზასუხაშვილის შვილიშვილი სოფელში 2 კლასის აღდგენას გეგმავს. ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდა გოგონამ სოფლის მცხოვრებლებს იდეა უკვე გააცნო. სკოლის ყოფილი პედაგოგის, თამაზ ვალიშვილის თქმით, ნიკოლოზის შვილიშვილი სკოლაში წრეების გახსნას გეგმავს, რათა  ქვემო ლეთეთელ ბავშვებს დამატებითი განათლების მიღების შესაძლებლობა მისცეს.

,,როგორც მე ვიცი, ნიკოლოზ ზასუხაშვილის შვილიშვილი ჩვენს სკოლაში კარგი პროექტის გაკეთებას გეგმავს. ორ ოთახს გაარემონტებს და წრეებს გახსნის. ეს იქნება ძალიან კარგი ამბავი ამ სოფლისთვის და შესაძლებლობა ბავშვებისთვის." - ამბობს თამაზ ვალიშვილი.

თუმცა ქარელის #2 სკოლასა და რესურსცენტრში ამის თაობაზე არაფერი გვითხრეს. მათთვის ქვემო ლეთეთის სკოლის გახსნის საკითხი ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, არც კი განიხილავენ უახლოეს მომავალში ყოფილი სკოლის აღდგენას, ან საერთოდ, შენობის რაიმე ფუნქციით დატვირთვის საკითხს.

ქვემო ლეთეთელი ბავშვები და მათი მშობლები ფიქრობენ, რომ რაკი მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა, სოფელში სკოლის აღდგენაზე არავინ იზრუნებს.


ფოტოზე: ყოფილი პედაგოგი თამაზ ვალიშვილი სამსახურიდან ლეთეთში ფეხით დადის

ქვემო ლეთეთი ქარელამდე სულ რაღაც 2-3 კმ მანძილითაა დაშორებული. ქარელის #1 და #2 სკოლაში სულ 30 ბავშვი დადის, მოსწავლეებს მიკროავტობუსი ემსახურებათ.

,,ეს სკოლა როცა დაარსდა, იყო 8-კლასიანი. ბავშვები ორცვლაში დადიოდნენ. 1990-იან წლების კონფლიქტის დროს, ბევრმა ოჯახმა დატოვა აქაურობა. ამიტომ, ბავშვთა კონტინგენტის შემცირების გამო, ჯერ გადაკეთდა 6-წლიან სკოლად. ბოლო დრომდე, 8 მასწავლებელი მაინც მუშაობდა. 2005 წელს სკოლა გაუქმდა და ბავშვები ქარელში გაანაწილეს. დირექტორი და პედაგოგები უმუშევრად დატოვეს" - ამბობს ყოფილი პედაგოგი თამაზ ვალიშვილი. ის ამჟამად ქვემო ლეთეთში ცხოვრობს და ქარელის მუნიციპალურ გაზეთში მუშაობს.

ის იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც სკოლის დახურვა გააპროტესტა: ,,ჩავედით სამინისტროში და მაშინდელ მინისტრს შევხვდით. არ მინდა გავიხსენო ის საუბარი, რაც იქ წარიმართა. ფაქტია, რომ არაფერი გამოგვივიდა." - ამბობს თამაზ ვალიშვილი.

სკოლის გაუქმებიდან მალე შენობა გასაყიდ ობიექტების ნუსხაში ჩასვეს:



ფოტოზე: ყოფილი სკოლის შენობა

,,სწორედ, ამ სოფლის მცხოვრებლების დამსახურებაა, რომ სკოლა არ გაიყიდა. მთელი სოფელი ფეხზე დადგა და არ გააყიდინეს შენობა. ალბათ, ამ სოფლის მოსახლეობის გულებში მაინც არის იმედი იმისა, რომ ოდესმე სკოლა ისევ გაიხსნება." - ამბობს თამაზი და სკოლის შენობას გვათვალიერებინეს. შენობის გასაღები სწორედ მას აქვს ჩაბარებული.

თამაზ ვალიშვილთან საუბრის დროს რამდენიმე მამაკაცი შემოგვიერთდა.

აწ გარდაცვლილი ნიკოლო ზასუხაშვილი სკოლას 50 წელი, სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ისე გაუქმდა სკოლა, რომ ის არც არავის გაუთავისუფლებია. მოესწრო როგორც სკოლის გახსნას, ასევე დახურვას. სკოლა, 25 წლის ქარელელი ჭაბუკის თაოსნობით, ამ პატარა სოფელში საბჭოთა ხელისუფლებამ გახსნა. 50 წლის შემდეგ, 75 წლის ასაკის დირექტორს იუბილეც სკოლაში აღუნიშნეს.

ნიკოლოზ ზასუხაშვილის შვილები (ვაჟები) ამჟამად გერმანიაში ცხოვრობენ. ისინი საზღვარგარეთ 1990-იან წლებში წავიდნენ. ეს ის დროა, როდესაც საქართველოში ქართულ-ოსური კონფლიქტი გააღვივეს.

,,სკოლას რომ ჩავუვლი ხოლმე გვერდით, ბევრჯერ მიტირია" - გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები სკოლას მიუძღვნა. თუმცა, რატომ ატკინეს გული მოხუც დირექტორს, ჩვენმა მან მხოლოდ საიდუმლოდ გაგვანდო.



ფოტოზე: მეორე მსოფლიო ომის მემორიალი

ჩვენ ვესტუმრეთ სოფელს, რომელიც რამდენიმე სოფლის ახალგაზრდობის სასწავლო კერას წარმოადგენდა.

,,ამ სკოლაში დადიოდნენ ზემო ლეთეთიიდან, გომბორიდან და აფნისიდან. ამ სოფლებს შორის დღეს სრულიად დაცარიელებულია სოფელი გომბორი. იქ მხოლოდ სალოცავია, რომელსაც ბიზნესმენი, გოჩა ზასოხოვი აქცევს ყურადღებას." - გვითხრა ადგილობრივმა ზვიად ხაბალაშვილმა.


სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხი, მიკროავტობუსებით, მეტნაკლებად მოგვარებულია. თუმცა, საკუთრივ მოსახლეობას ქარელამდე გადაადგილება ფეხით უწევს. ეს გარკვეულ სირთულეს ზამთრისა და ცუდი ამინდის პირობებში წარმოადგენს.


ფოტოზე: სკოლის ავტობუსის მოლოდინში

,,ალბათ, იმდენი ბავშვი რომ არაა, სკოლას არც არავინ გაგვიხსნის. ვიცით, რომ ყველა სოფელს თავისი წვრილ-წვრილი პრობლემები აქვს. ჩვენ ამ ეტაპზე ძალიან გვჭირდება, რომ გაზი გამოგვიყვანონ. ძალიან ვწვალობთ. თხევადი გაზი ხან ამოაქვთ, ხან – არა. იმისთვისაც ქარელში ჩავდივართ ხოლმე. მერე ერთი კვირა არც გვყოფნის" - გვითხრა მაკა თიბილაშვილმა. მან ეს თხოვნა სოფლის დიასახლისების სახელით გადმოგვცა და გვთხოვა, რომ მათი გულისტკივილი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისთვის გაგვეზიარებინა.

თამაზ ვალიშვილი ამბობს, რომ გაზისა და წყლის პროექტი მზადაა. ეს ინფორმაცია მან ქარელის მერიაში მიაწოდეს, რადგან თვითონაც ქარელის მერიის კუთვნილ გაზეთში მუშაობს. ამბობს, რომ დღეს სოფელი უკეთეს პირობებში ცხოვრობს, ვიდრე ოდესმე იყო. სოფლის ცენტრამდე ახალი ასფალტია დაგებული.



ოლია ხაბალაშვილმა გვითხრა, რომ აუცილებელია გზებზე ვიდეოკამერების დამონტაჟება:

,,იცი, რას ვითხოვ, შვილო? აი, ამ გზებზე კამერები დაამონტაჟონ, თორემ სარკის წმინდა გიორგის სალოცავიდან როცა მოდიან მანქანით მთვრალები, უნდა ნახო, როგორ დადიან. მაინცდამაინც ვინმდე უნდა იმსხვერპლონ? ძალიან გთხოვთ ეს ამბავი მიიტანეთ იმათ ყურამდე" - გვითხრა ოლია ხაბალაშვილმა. ის გზაზე, თხევადი აირის პატარა ბალონით ხელში, იდგა. ,,იქნებ ვინმე მიდიოდეს ქარელში, რომ გავატანო და დავატენინო".


ფოტოზე: სკოლის ავტობუსი ქარელის #2 სკოლის წინ ქვემო ლეთეთელ ბავშვებს ელოდება

ქარელის სკოლებიდან მოსწავლეები უკან 4-დან 5 საათამდე ბრუნდებიან.

,,აი, ახლა ეს ბავშვები ქარელში რომ მიდიან, იქ რას აკეთებენ, ვერ ვხედავთ. აზირ, აქ იყოს სკოლა, არ ჯობია? ჩემმა ოთხმა შვილმა ამ სკოლაში ისწავლა. იმ დროს რაც ისწავლეს, აი იმ ტვინით დღეს ოთხივე მუშაობს. შვილიშვილებს კი ქარელში რომ ვგზავნით, ხან რას ვუმზადებთ და ვატანთ საკვებად. ხან დილით ვერ ასწრებენ ავტობუსზე და მერე ტაქსით ვგზავნით. დიდ წვალებაში ვართ, შვილო. რაც ამ ტრანსპორტში იხარჯება, ჯობია, სკოლის რემონტში დახარჯონ" - გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა.



ფოტოზე: მოსწავლეები თავისუფალ დროს სოფლის სტადიონზე ატარებენ

სკოლიდან დაბრუნებული მოსწავლეები ჯერ სახლებში მიდიან, შემდეგ მეცადინეობ. საღამოს 7 საათზე კი გაბალახებულ სტადიონზე იკრიბებიან.

,,ჩვენი მოთხოვნაა, რომ პატარა სკვერი მაინც გაგვიკეთონ. ეს სტადიონი კი გვაქვს, მაგრამ ყველა ვერ ითამაშებს ფეხბურთს." - ამბობს მარიამი. ის და მისი მეგობრები სტადიონის სიახლოვეს, სანიაღვრე არხის ბეტონზე ჩამოსხდნენ და განვლილი დღის ამბებს ერთმანეთს უზიარებდნენ.


რედაქციისგან: როდესაც ქარელიდან ვბრუნდებოდით, ვფიქრობდით: განა შეიძლება სკოლა არ იყოს იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელ ვარიანში?! ან ივანე ჯავახიშვილის  სოფელ ხოვლეში?! რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლები გვიპასუხებენ, ბავშვების რაოდენობა ამ სოფლებში რა მოსატანიაო. მაგრამ, თუკი ვკითხავდით: რატომ არ არის სასწავლო კერა, პირველი თარიღიანი ხელნაწერის  ,,სინური მრავალთავის'' გადამწერის, გრიგოლ ხანძთელის მოწაფის - მაკარ ლეთეთელის მხარეში?!


Print

სტატიის გამოყენების პირობები