ახალი ამბები
რამაზ ბეღელური: ,,პირველად კონდახებით მცემეს, მეორედ გასაღებით თავი გამიტეხეს''
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი, რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და დეტალურად ისაუბრა იმ ზეწოლის შესახებ, რაც მას დაკავების დროს, გადახდა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტზე, სამჯერ დააკავეს. როგორც რამაზ ბეღელური ამბობს, პირველი დაკავების დროს, ავტომატის კონდახებით სცემეს, მომდევნო დაკავების დროს, გასაღებით თავი გაუტახეს. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გორისა და თბილისის კლინიკებში იმკურნალა.

რამაზ ბეღელურს მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები უცხადებენ. ემიგრანტების მიერ შეგროვებული თანხით მკურნალობის ხარჯი დაფარეს. სამართლებრივ დახმარებას კი ადვოკატი ნიკოლოზ ლეგაშვილი უწევს. რამაზ ბეღელური, მის მიმართ განხორციელებულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საოკუპაციო ძალებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.

როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აცხადებენ, შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოს გენადი ბესტაევმაც მიმართოს. ამის შესახებ სურვილი, როგოც მოძრაობის წევრები აცხადებენ, გენადის დამ, თინა გუდაძემ გამოთქვა. თუმცა, ვიდრე გენადი ბესტაევი ცხინვალის იზოლატორიდან არ გათავისუფლდება, მის პასუხს ვერ მიიღებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები