ახალი ამბები
,,დაზღვეული'' სკვერი - ქვახვრელში მიყენებული ზიანი გორის მერიას სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა
გორის მერიამ დაუმთვრებელი სკვერისთვის გადახდილი 35 000 ლარიდან, დაახლოებით 20 000 ლარი უკან დაიბრუნა. ეს თანხა სადაზღვევო კომპანია ,,ჯიპიაი ჰოლდინგმა'' აანაზღაურა. ამის შესახებ გორის მერიიდან გვაცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სამშენებლო კომპანია ,,ამ ჯორჯიას', მართალია, 35 000 ლარი ჩაურიცხეს, თუმცა ავანსის სახით გადახდილი თანხა მისმა თავმდებმა, გარანტიორმა ,,ჯიპიაი ჰოლდინგმა'' დააბრუნა. საუბარია 19 320 ლარზე.

ჯამში, ქვახვრელის სკვერი, რომელიც ასე გამოიყურება, მერიას დაახლოებით 16 000 ლარი დაუჯდა. როგორც მერიაში განმარტავენ, საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალგრუპის'' შემოწმებით, სამშენებლო კომპანიამ მხოლოდ დაახლოებით 16 000 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა.

კომპანია ,,ამ ჯორჯიამ'' ტენდერში 2020 წლის ზაფხულში გაიმარჯვა. მას სკვერი 2021 წლის 31 იანვრამდე უნდა გაეკეთებინა. თუმცა, სამუშაოები ბოლომდე არ დაასრულა. ტენდერის საერთო ღირებულება 96 000 ლარი იყო.

სამუშაოების დროს, 2020 წლის ოქტომბერში, სამშენებლო კომპანიას, გორის მერიამ, ავანსის სახით, 19 320 ლარი ჩაურიცხა. 2021 წლის 31 იანვარს კი ობიექტი ვერ დაამთავრა.

სამშენებლო კომპანისა და მერიას შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა. 2021 წლის თებერვალში, თანხა კიდევ ორჯერ გადაურიცხეს, - ჯამში დაახლოებით 16200 ლარი.

თანხის მოძრაობა ასე გამოიყურება:

2020 წლის ოქტომბერი - გორის მერიამ ავანსის სახით 19320 ლარი გადაურიცხა.

2021 წლის 9 თებერვალი - ,,ოპტიმალგრუპის'' შეფასებით, მშენებელმა შეასრულა 16500 ლარის ღირებულების სამუშაო.

2021 წლის 25 მარტი - გორის მერიამ ავანსის თანხა უკან მოითხოვა, რაც ,,ჯი პი აი ჰოლდინგმა'' აანაზღაურა. თავის მხრივ ეს თანხა სადაზღვევო კომპანიას მშენებელ კომპანიისგან უნდა დაებრუნებინა.

2021 წლის 29 მარტს - გორის მერია მშენებელ კომპანიას 16 200 ლარი გადაურიცხა. ამით, სამშენებლო კომპანიას გაუჩნდა სახსრები იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიისთვის დაებრუნებინა თანხა.

მერიაში ირწმუნებიან, რომ რაკი მშენებელს გარანტიორად სადაზღვევო კომპანია დაუდგა, ავანსის გადახდაც ამიტომ გაბედეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები