ახალი ამბები
ქარელში 2020 წელს 948 კოვიდინფიცირებულიდან გარდაიცვალა 18 ადამიანი
ქარელში, კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში, კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

ცენტრის ხელმძღვანელმა, ირინა ფარეხელაშვილმა მუნიციპალიტეტის სკარებულოს წევრებს, გასული წლის ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, ანგარიში წარუდგინა.

მისი ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, კორონავირუსის 948 შემთხვევა დადასტურდა. თვითიზოლაციაში 1425 პირი იმყოფებოდა.

ირინა ფარეხელაშვილმა პანდემიის პირველი ტალღის პერიოდზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც ირკვევა, 2020 წლის ივლისი-სექტემბერში, კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა. პირველი დადებითი შემთხვევა 2020 წლის ზაფხულში, სოფელ ბრეთში დადასტურდა. 84 წლის ასაკის კოვიდინფიცირებული მეზობლის წლისთავზე იმყოფებოდა: ,,მეზობლებისთვის დაუჯერებელი იყო კოვიდის არსებობა, თუმცა ახსნა-განმარტებების შემდეგ, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდნენ'' - აღნიშნა ირინა ფარეხელაშვილმა.

პირველი ტალღის დროს, მეორე დადებითი ტესტი სოფელ კლდუში 47 წლის ქალს დაუდასტურდა. ის შვილთან ერთად, ბათუმში იმყოფებოდა. ტესტის პასუხს არ დაელოდა და წავიდა ქარელში. მას გზაში გააგებინეს, რომ კოვიდი ჰქონდა, ამიტომ, 2 ტაქსის მძღოლი და ორი მაღაზიის გამყიდველი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება 2021 წლის მდგომარეობას, იანვარი-მარტის შესახებ ანგარიშს ირინა ფარეხელაშვილი უახლოეს სხდომაზე წარადგენს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები