ახალი ამბები
სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი ცხინვალის საპატიმროდან გაათავისუფლეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

ალან სოსლანის ძე ჯაფარიზე ქ. ცხინვალის მიმდებარედ, 2021 წლის 10 იანვარს დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი, 2021 წლის 21 აპრილს, "ცხელი ხაზის" საშუალებით აცნობეს.

ტვ პირველის ცნობით, ალან ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო.

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ზემოხსენებული მექანიზმის საშუალებით, მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან. პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. ინფორმაცია უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ, დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით.'' - აღნიშნავენ სუს-ში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ალან ჯაფარიძეს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 1-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები