ახალი ამბები
გორის სოციალურ საცხოვრისში პირობები გაუარესდა
გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში პირობები გაუარესდა. სარდაფი ფეკალიებით დაბინძურებული წყლით გაივსო.

საცხოვრისში მყოფი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ქვეწარმავლები, მღრღნელები და მწერები მომრავლდნენ და ინფექციური დაავადებები გავრცელდა.

გორის მერიამ 5 მიუსაფარი ოჯახი სოციალურ საცხოვრისში 2018 წელს გადაიყვანა.  აღნიშნულ ოჯახებს ორწლიანი ხელშეკრულებები გაუფორმა და ბინების გასაღებები გადასცა.

გორის მერიის ცნობით, ახალმოსახლე ოჯახები სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. 2018 წლის მონაცემებით, 5 ოჯახში სულ 19 სული ითვლებოდა, მათ შორის, 10 მცირეწლოვანი ბავშვი და ისინი ქირით ან მიტოვებულ შენობებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ.



მანამდე საცხოვრისი ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა 5 ოჯახმა მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ისინი ბინებით დააკმაყოფილა. გამოთავისუფლებული ოთახები კი გორის მერიამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაუთმო.

ეს ოჯახები გორის მერიაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეარჩია, რომლის შემადგენლობა დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გორის მერიის წარმომადგენლებით.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საცხოვრისი 2010 წელს შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა.

2-წლიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ოჯახები ბინების დაკანონებას ითხოვენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები