ახალი ამბები
1-ელი ბილეთით მოიპოვებთ 1-საათიან უფასო მგზავრობის უფლებას - ,,სეილი'' გორის ავტობუსში
20 მაისიდან გორში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი ხდება. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი იქნება.

გორის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ის მოქალაქე, რომელიც პირველი მგზავრობის საფასურს გადაიხდის, დასაჩუქრდება 1-საათიანი უფასო მგზავრობის უფლებით. თუმცა, ეს უფლება, მხოლოდ, ბილეთის შეძენიდან ერთი საათის განმავლობაში რჩება ძალაში.

"კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გარკვეულ ეტაპზე გაუქმებული იყო ავტობუსებით მგზავრობის ტარიფი. დღეის მდგომარეობით ქალაქ გორის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება არის უფასო, შესაბამისად, ბიუჯეტი გარგავს შემოსავალს, რომელსაც მიიღებდა ტარიფის დაწესების შემთხვევაში. დღეის მდგომარეობით კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია, შესაბამისად, მიზანშეწონილია ხელახლა დაწესდეს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი, რა დროსაც, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იქნება, რომ მგზავრის მიერ პირველი მგზავრობის საფასურის გადახდის შემდეგი ერთი საათის განმავლობაში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უფასო იყოს", - ვკითხულობთ საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების განმარტებით ბარათში, რომელიც გორის მერიის საინფორმაციო ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ თიბისი ბანკიდან გვაცნობეს. მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ასევე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებში, ასევე, გორის "სპარის" და "დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები