ახალი ამბები
გორში მოქალაქეს მიკედლებული ძაღლი მოუკლეს - საფრთხეში სხვა ძაღლებია
,,არ მცალია, ჯერ'' - ასეთი პასუხი მიიღო ლელამ, როდესაც ამბავი გორის შს სამმართველოს უბნის რწმუნებულს შეატყობინა. მან დღეს დილით მშენებარე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა, რომ მის ძაღლებს მამაკაცი თავს დაესხა.

,,ისედაც მემუქრებოდა, რომ ეგ ძაღლები თოხით უნდა მოვკლაო. სახლის კედელზე სისხლის კვალიცაა. ერთი ძაღლი მოკლა და სადღაც გადააგდო, ან მიწაში დამარხა უკვე. ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გამოიძიონ. დააბრუნოს ის ძაღლი, მკვდარიც კი''- გვითხრა ლელა გურგენაშვილმა.

ინციდენტი, გორში, წმინდაწყალზე, დევნილთა კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ლელა გურგენაშვილი, შვილთან ერთად, მიუსაფარ ძაღლებს უვლის. რამდენიმე ცხოველი მშენებარე სახლში ჰყავს შეფარებული. ამ სახლის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც კორპუსის ბინა გაყიდა. იმ თანხით ნაკვეთი იყიდა და სახლის აშენება დაიწყო.

,,ხომ არ ვიპარავ? ხომ არავის არაფერს ვუშავებ? მინდა, რომ ამ ძაღლებს მოვუარო. იცი, რა ხდება ქალაქში? თოხებით კლავენ... ცულებით კლავენ... გამოვარიდე რამდენიმე ძაღლი მოძალადეებს და აქ მყავს. შიგნით არიან და არც არავის აწუხებენ. ახლა, ამ დილით, მოვედი და დამხვდა საშინელება. ეს კაცი არ მასვენებს და ამ ძაღლებსაც ამწარებს. ყველაზე ჭკვიანი ძაღლი რომელიც იყო, ის მომიკლა და გადააგდო'' - გვითხრა ლელამ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები