ახალი ამბები
სოფელი ღვრიაწყალი - ოთხი მუდმივი მცხოვრებით
სოფელში მუდმივად 4 ხნიერი ქალი ცხოვრობს. აქედან 3 – გასიშვილების რძალია (გასსითი), ხოლო ერთი – მაისურაძე. ათობით სახლი კი, - დაკეტილია.

მართალია, უქმე დღეებში რამდენიმე სახლის კარი იღება; ხაშურიდან და სხვა ქალაქებიდან წინაპრის დატოვებულ კერას უბრუნდებიან, მაგრამ ისინი უკან მალე ბრუნდებიან. ასე მოხდა ჩვენი სტუმრობის დროსაც.

ერთმა ოჯახმა მანქანით სოფელი მზის ჩასვლამდე დატოვა. პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათის დადგომამდე 2 საათი იყო დარჩენილი. სოფელი სწრაფად დატოვეს და მდინარის გაღმა (მდინარე მტკვრის მარცხენა) მხარეს გავიდნენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტში ყველაზე ცნობილი ადგილია სურამი, ხოლო ბორჯომის მხარეს - ტაშისკარი და სხვა სოფლები. გზებიც ნორმალურია და ბევრი დამსვენებელიც მიდის. მაგრამ, ამ მუნიციპალიტეტში არის სოფლები, რომლის ბედი ნაკლებად აინტერესებთ. ეს ჩანს დაზიანებული გზებისა და უხარისხო სასმელი წყლის ფონზე.



ჩვენ ვსაუბრობთ სოფელზე, რომელიც თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზეა გაშენებული. აქ არის სხვა სოფლებიც, საიდანაც შებინდებისას ხელისგულივით ჩანს მუნიციპალიტეტის განათებული ცენტრი – ხაშური და მისი შემოგარენი. 

,,თქვენ ჟურნალისტები ხართ? რომელი არხიდან?! აჩვენებს თქვენი არხი ჩვენთან?" - ეს არის კითხვა, რომელსაც პირველ რიგში ვპასუხობთ. ,,ჩვენ მხოლოდ ინტერნეტში ვართ, ასე, რომ ტელევიზორში არ იქნებით"

- ,,ინტერნეტიდან ხართ? ჩვენი სოფლით რატომ დაინტერესდით, ანძა ხომ არ უნდა დააყენოთ?" - კვლავ არ კარგავს ინტერესს ნათელა მაისურაძე. მან სოფელ ბეკამში მოისმინა ასეთი მითიური ისტორია, რომ თითქოს იქ ანძის დაყენების შემდეგ, საქონელი დახოცილა.

ავუხსენით, რომ ჩვენი მასალები ინტერნეტში გვეყნდება და მხოლოდ ინტერნეტმომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. ხოლო ანძების ამბავი - მითიურია. ხანგრძლივი მგზავრობის შედეგად, სასმელი წყლის ონკანისკენ გავეშურეთ.



,,მაგ ჭიდან არ დალიოთ, აგერ მეორე ჭიდან მოუშვით წყალი. ის უფრო კარგი წყალია" - გვითხრა ნათელა მაისურაძემ. მთის სოფელში წყალი გემრიელად მივირთვით, თუმცა, როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ეს ყოფილა ,,ტექნიკური" წყალი, ანუ, წყალი, რომელიც მხოლოდ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვისაა რეკომენდირებული.

რამდენად მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის ტექნიკური წყალი, ამის შესახებ ადგილობრივებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ. ონკანები გასულ წელს, მერიამ გაუკეთა.

,,სადაც ამოვიდა წყალი, იქ გააკეთეს დრენაჟი. ეს ისეთი სოფელია, რომ წყალი მუდმივად პრობლემაა. მდინარესაც ღვრიაწყალი იმიტომ ჰქვია, რომ სულ მღვრიე მოდის ხოლმე. მდინარის პირზე გაკეთებულია დრენაჟი და იქიდან მიეწოდება მოტორით წყალი მოსახლეობას." - გვითხრა დიდი ხალების თემის დეპუტატმა საკრებულოში, ნოე ტაბატაძემ. მისი აზრით, უპირველესია, სოფელში წყლის პრობლემის მოგვარება, მაგრამ გამოსავალი ამ დრომდე, ვერავინ მოძებნა:

,,გარშემო მთაშიც ეძებეს წყაროს წყლები, რომ იქიდან მილებით მიეყვანათ სოფლამდე, მაგრამ წყაროც კი ვერ ნახეს. ამიტომ, უწევს მოსახლეობას ამ უხარისხო წყლის გამოყენება" - ამბობს ნოე ტაბატაძე.

სოფელში დარჩენილებს განსაკუთრებით აწუხებთ წისქვილის პრობლემა. აქ ძირითადად სიმინდი და ლობიო მოყავთ. ამიტომ, სიმინდის დასაფქველად ან ხაშურში, ან ხცისში მიდიან.


ფოტოზე: სალოცავი და სასაფლაო

,,მიგვაქვს შორ მანძილზე, თან ფული უნდა გადაიხადო, ან კიდევ – მინდი (მეწისქვილეს სარგებელი – რედ); თუ ყველაფერი წისქვილში დატოვე, შენ რაღა უნდა წამოიღო სოფელში. ამიტომ, გვირჩევნია, ერთი წისქვილი გააკეთონ და აქვე დავქვათ ხოლმე ჩვენ თვითონ" - გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

სოფლის დეპუტატის, ნოე ტაბატაძის თქმით, წისქვილის დაყენება დაახლოებით 7 000 ლარი ჯდება. სოფელს კი ყოველწლიურად მთავრობა 10 000 ლარს აძლევს. სოფლის პროგრამის თანხის ხარჯვის მიზნით კრება 2021 წლის 23 თებერვალს ჩატარდა. კრებაზე ორი საკითხი დაისვა: გზა და წისქვილი.

7-წევრიან კრებაზე, საბოლოოდ, ბეტონის გზის გაკეთება გადაწყდა, ხოლო ვინც წისქვილის საკითხი დააყენა, იმანაც ,,ბეტონის გზას" დაუჭირა მხარი.

10 000 ლარი კი მხოლოდ 100 მ სიგრძის მონაკვეთზე დაგებულ ბეტონს დასჭირდება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კრებაზე უშუალოდ მოსახლეობამ მიიღო. ამიტომ, ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ უკეთებს გზას მერია საკუთარი სახსრებით, პაპუაშვილი გვპასუხობს, რომ მერია ყველგან ვერ გასწვდება. მისი ინფორმაციით, წელს ბეტონის გზა 16 სოფელში დაიგება – თანაც ყველა სოფლის პროგრამის თანხით.

დიდი ხალების თემში შემავალ თითქმის ყველა სოფელში წელს ,,ბეტონის გზის" დაგება გადაწყვიტეს. წისქვილის შეძენასა და წყლის პრობლემის მოგვარებაზე მხოლოდ მაშინ იფიქრებენ, როდესაც ხეობის მთავარი მაგისტრალი მთლიანად ბეტონით მოპირკეთდება. ეს კი, წლობით გაგრძელდება, რადგან თითოეული სოფლის წინ 100 მ სიგრძის ბეტონის გზას დააგებენ. ხოლო სოფლებს შორის მანძილი - მინიმუმ 1 კმ-ია.

აგრაფინა გასიშვილ-ქარსანაშვილს (გასსითი-ქარსანთი) ყველაზე მეტად იმაზე სწყდება გული, რომ სოფელში უამრავი მიტოვებული სახლია. საღამოს სოფლის ცენტრში მხოლოდ ოთხი ადამიანი იკრიბება, ხოლო იშვიათად - რომელიმე მათგანის შვილი ან შვილიშვილი. ხალხის მატებას ზაფხულში ელოდებიან, ძირითადად, ჩრდილოეთ ოსეთიდან, რადგან 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს, ეთნიკური ოსი მოსახლეობა იძულებული გახდა ჩრდილოეთ ოსეთში გადახვეწილიყო. პანდემიის გამო, შარშანა, არავინ ჩამოვიდა. წელს კი, გზის გახნას ელოდებიან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები