ახალი ამბები
მოხისში საპროტესტო აქცია გაიმართა
ხმაური იყო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში. ადგილობრივები იმ მიწის ნაკვეთების პრივატიზაციის ფაქტს აპროტესტებენ, რომელიც კომპანია ,,აგროინდუსტრიამ''  შეიძინა.

სოფელში მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძეც ჩავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ პრივატიზაციაცია კანონის ფარგლებში განხორციელდა.

მოხისელების ინტერესს ,,ევროპული საქართველოს''წარმომადგენელი ბესო დონაძე იცავს, რომელმაც მოხისის მიწებთან დაკავშირებით, ხმაური ატეხა. მან ზაალ დუგლაძეს უთხრა, რომ წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება ამ მიწებთან დაკავშირებით:

,,ტყუნის დედა მ....., რაც ჩემზე მეტი არ იცი'' - უპასუხა ზაალ დუგლაძემ. ბესო დონაძის განცხადებით, ზაალ დუგლაძის ძმა ქონების მართვის სააგენტოში მუშაობს და შესაბამისად დაინტერესებული პირია, რათა მოხისის მიწების გასხვისების კანონიერების საკითხი თავის სასარგებლოდ განიხილოს.

,,აგროინდუსტრია''. რომელმაც მიწები აუქიონზე შეიძინა, ორი მფლობელი ჰყავს - ჯონდო ნანეტაშვილი და ვაჟა გორდიაშვილი. ჯონდო ნანეტაშვილი არის შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ბადრი ნანეტაშვილის ძმა. ასევე, როგორც ბესო დონაძე აღნიშნავს, ძმები ნანეტაშვილები ტელეკომპანია ,,თრიალეთის'' წარმომადგენლები არიან. ,,თრიალეთის' 10% წილი კი, ეკუთნის ,,აქცეპტს'', რომელსაც, დონაძის თქმით,  ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი ხელმძღვანელობს.

ამ განცხადებას ,,თრიალეთის'' საინფორმაციო სამსახური გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია: ,,როცა ,,თრიალეთმა" კომპანიის 10 პროცენტი წლების წინ მეცხრე არს მიყიდა, მისი გაუქმების შემდეგაც წილი გადაეცა შპს აქცეპტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა მცდელობა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის და ,,თრიალეთი" ისევე როგორც მანამდე აგრძელებს მუშაობას ობიექტურად და ეთერს უთმობს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს.''

მოხისელები არ აპირებენ მიწების დათმობას, მათი განცხადებით, მიწებით აგროინდუსტრიის წარმომადგენლები ვერ ისარგებლებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები