ახალი ამბები
ხცისის სკოლაში მოსწავლეები მტვრიან იატაკზე ვარჯიშობენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯაროს სკოლაში მოსწავლეებს მტვრიან იატაკზე უწევთ ვარჯიში. ფოტო, სოციალურ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა.

მისი თქმით, ფოტოები ცეკვის გაკვეთილზეა გადაღებული და სკოლის დარბაზი ყურადღებას საჭიროებს.

ხცისის საჯარო სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ ფოტო გაკვეთილების შემდეგაა გადაღებული და, შესაბამისად, დარბაზიც ამიტომაა ასეთი მტვრიანი:

,,ზოგადად, ჩვენს სკოლას სჭირდება გარკვეული სამუშაოების ჩატარება. ვცდილობთ, მაქსიმალური სისუფთავის დაცვას. ეს ფოტოები ალბათ გაკვეთილების შემდეგაა გადაღებული.'' - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

მისი განმარტებით, საკლასო ოთახებში ისეთი მდგომარეობაა არაა, როგორიც დარბაზში:

,,კლასებში ზოგგან გვაქვს იატაკი ახალი საღებავით მოწესრიგებული, ზოგგან - არა. არის პრობლემები, თუმცა, როგორც გითხარით, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, ნორმალური გარემოს შენარჩუნებას'' - განმარტავს დირექტორი.

ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ფაქტს ხაშურის რესურსცენტრის უფროსი, ზვიად გოგუაძე გამოეხმაურა:

,,სოფელ ხცისის საჯარო სკოლის დარბაზში მიმდინარე ცეკვის გაკვეთილზე დაფიქსირებულ ფაქტზე, სადაც სანჰიგიენური პრობლემა ჩანს, რესურსცენტრმა კანონით დადგენილი წესით, მოკვლევა დაიწყო. ხცისის სკოლაში ბოლოს მონიტორინგი განხორციელდა უქმე დღეების გამოცხადებამდე, აპრილის თვეში და პირადად მაქვს ნანახი მსგავსი პრობლემა სკოლაში არ იყო. ცეკვის მასწავლებელი იქნება, დამლაგებელი თუ ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვერ იაზრებს ფაქტის სიმძიმეს, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.'' - აღნიშნავს ზვიად გოგუაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები