ახალი ამბები
გორში მგზავრები ზოგიერთი სოფლის ავტობუსის ბოლო გაჩერებას ვერ პოულობენ
გორში, ძველი ავტოსადგურის გაუქმების შემდეგ, სოფლების ავტობუსების დიდმა ნაწილმა, ახალ ავტოსადგურში, წმინდაწყალზე გადაინაცვლა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ზოგიერთმა მძღოლმა უარი თქვა ახალ ავტოსადგურზე და მგზავრების გადაყვანა ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან დაიწყო.

ასე მოხდა ბნავისის ავტობუსის შემთხვევაში:

,,ვიყავი ავტოსადგურში და მითხრეს, რომ ბნავისის ავტობუსი არ დადის ახალი ავტოსადგურიდან და არც იციან, საიდან გადის, არც არავინ იყო სალაროში, რომ მეკითხა, ესეც სხვა ავტობუსის მძღოლებმა მითხრეს, ვიცი რომ დადის და საიდან გავყვე, არ ვიცი'' - გვითხრა მოქალაქემ, რომელსაც უქმე დღეებში ბნავისში (ტანას ხეობის სოფელი) წასვლა სურდა.

ჩვენ გადავამოწმეთ მოქალაქის პრეტენზია და აღმოჩნდა, რომ ახალ ავტოსადგურში მგზავრთა გადაყვანის გრაფიკი მართლაც არ არსებობს. ასევე, არ იციან, როდის იქნება მზად.

რაც შეეხება ბნავისის მარშრუტს, სალაროს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით, ბნავისის ავტობუსი ,,გორი გაზის'' მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრაობს, რაც შეეხება  საათებს, ესეც უცნობია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები