ახალი ამბები
ყოფილი გუბერნატორი სამოქალაქო სექტორში მიდის
შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ პარტია „ ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ვთვლი, რომ ჩემი საქმიანობა სხვა მიმართულებით უნდა გავაგრძელო, ყოველგვარი პარტიული ვალდებულებების გარეშე, ამიტომ ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას და პოლიტ საბჭოს.“

რის გამო დატოვა „ნაციონალური მოძრაობა", ამის შესახებ ყოფილი გუბერნატორი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან არ საუბრობს, აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად გადადგა.

„ორი წლის წინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გავხდი ეს ნაბიჯი შეგნებულად გადავდგი და ვფიქრობ, რომ სრულიად მართალი ვიყავი".

ჩხეიძის განცხადებით ის მომავალში საზოგადოებრივ ორგანიზაციაში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

,,რას ვაპირებ, იმას რასაც ვაკეთებდი საჯარო სამსახურამდე 12 წლის განმავლობაში, საზოგადოებრივ ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელებას.

რა თქმა უნდა მე ვრჩები ევროპული ღირებულებების ერთგულად და ჩემი ძალისხმევა, საქმიანობა სწორედ მისკენ იქნება მიმართული.

წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის იმ პატრიოტ ადამიანებს რომლებთანაც მქონია პარტიის თუ საჯარო სამსახურის დროს თანამშრომლობა.“ ამბობს ზურაბ ჩხეიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები