ახალი ამბები
გორში გადათხრილი გზების გამო საავარიო სიტუაციები იქმნება
გორი-თბილისის გასასვლელში მეორე დღეა გზა გადათხრილია. ამის გამო, საავარიო სიტუაციები იქმნება.

გზების მოვლა-შენახვის პროექტი, რომელიც გორის მერიის დაკვეთით სრულდება, სამუშაოს შესრულების მოკლე ვადებს არ ითვალისწინებს.

,,კომპანიას აქვს გარკვეული ვადა, ეს იქნება ერთი თვე ან უფრო მეტი, წარმოგვიდგენს შესრულებულ სამუშაოს ფორმას და ამის მიხედვით ვურიცხავთ თანხას. ისე, რომ რაიმე სხვა დამატებითი ვალდებულება არ აქვს დაკისრებული' - აცხადებენ მერიაში.

სატენდერო დოკუმენტაციაში არაა გაწერილი, თუ როდის უნდა მოასფალტდეს გადათხრილი გზა:

,,არ გვაქვს ისეთი ჩანაწერი, მაგალითად, დღეს თუ სამშენებლო კომპანიამ მიწის ზედაპირი მოამზადა, ის ერთ დღეში თუ სამ დღეში უნდა დასრულდეს. მთავარია, კომპანია იმ ვადაში ჩაეტიოს, რა ვადაც მიცემული აქვს ზოგადად' - გვითხრეს ინფრასტრუქტურის სამსახურში.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ორმოულების შეკეთების დროს, კომპანია მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში ასრულებს მოასფალტების სამუშაოებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები