ახალი ამბები
ქალაქ ხაშურში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ,,საქმიან ეზოში'' აღმოჩნდა
ქალაქ ხაშურში და მის სოფელ მიწობში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ განცხადებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ განცხადების მიხედვით, 11 ცალი ნაძვის მორი ე.წ. ,,საქმიან ეზოში'' აღმოაჩინეს. პრეს-სამსახურის ცნობით, თითოეული მორის სიგრძე 1,2 მ-ია და არ იყო აღრიცხული.

,,საქმიანი ეზო'' - ეს არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმო, სადაც, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2020 წელს განაცხადეს, ძირითადად, სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყე უნდა განთავსდეს.

qartli.ge წერდა, რომ ხაშურის ე.წ. გაღმა მხარეს (მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო) სოფლებში მოსახლეობა ხე-ტყის მასიურ ჭრაზე ჩიოდნენ. 

,,ტყის ახალი კოდექსით ხე-ტყის დამზადების პრაქტიკა იცვლება. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება. ხე-ტყის დამზადება, დახარისხება და დასაწყობება ე.წ. "საქმიან ეზოებში განხორციელდება, რაც მოსახლეობას ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას გაუადვილებს. "საქმიანი ეზოს" მოწყობისთვის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სულ 26 "საქმიანი ეზო" მოეწყობა. საქმიანი ეზოების" მოწყობის შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა და უკანონო ჭრები." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე ფაქტს, ის სოფელ მიწობში გამოავლინეს. აქ სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 2 ერთეული 6 მ სიგრძის ნაძვის სახეობის დაუფირნიშებელი მორი და 2,6 მ³ პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი დაფიქსირდა, რომელიც არ იყო აღრიცხული ელექტრონულ ჟურნალში. შედგა შესაბამისი ოქმი.

ფიცარი აღმოაჩინეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში, სადაც 0,2 მ3 წიწოვანი სახეობის ჩამოუგანავი ფიცარი  არ იყო აღრიცხული ელექტრონულ ჟურნალში. აქაც შედგა შესაბამისი ოქმი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები